„ჰაერის დაბინძურება, დღეს, გლობალური პრობლემაა, რომელიც სამწუხაროდ, პროგრესირებს და მისი შემცირების ტენდენცია ნაკლებად არის გამოხატული. ეს გამოწვეულია გარემოში სხვადასხვა აირის, აეროზოლის, ბიოლოგიური თუ ქიმიური მოლეკულების გამოთავისუფლებით“ , - ამბობს პულმონოლოგი ოთარ გაბრიჭიძე.
მისი თქმით, დაბინძურებული ჰაერი, მეტ-ნაკლებად, ორგანოთა ყველა სისტემაზე მოქმედებს, თუმცა, ამ პრობლემაზე განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს რესპირატორული სისტემა.
„ ვლინდება ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ან ხდება ამ დაავადების განვითარების დაჩქარება. ჰაერის დაბინძურება იწვევს სხვადასხვა მწვავე რესპირატორულ ინფექციას. ასევე, იმატებს კარდიო-ვასკულარული დაავადებების შედეგები და მკვეთრად იზრდება სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციები“, - აცხადებს ექიმი -პულმონოლოგი.
მისივე განმარტებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ: ორსულები, ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.




