დღეს ჩვენ შევიკრიბეთ უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წელი შესრულდა. სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ გაიარა რთული, გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ამავდროულად, უდიდესი სახელმწიფოებრივი ტრანსფორმაციის გზა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ახალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სისტემის მშენებლობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დაარსების პირველივე დღიდან საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოყალიბდა ინსტიტუტად, რომელიც ჩვენს სახელმწიფოში კონსტიტუციის უზენაესობას, კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობასა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას უზრუნველყოფდა.
ისტორიულად, ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნება ყოველთვის ემყარებოდა სამართლიანობისა და კანონიერების იდეას. ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე შექმნეს სამართლებრივი ძეგლები, რომლებმაც ყველაზე მძიმე ისტორიულ პერიოდებშიც კი შეინარჩუნეს ერის სულიერი, ზნეობრივი და პოლიტიკური ერთიანობა. სწორედ ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანამედროვე გაგრძელებაა საკონსტიტუციო კონტროლი - სამართლებრივი სახელმწიფოს ის უმთავრესი საყრდენი, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსს, იცავს პიროვნების თავისუფლებასა და მკაცრად ადგენს ძალაუფლების უფლებამოსილების საზღვრებს.
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს გარდამავალ ეპოქაში.
საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა ირღვევა, საერთაშორისო სამართალმა და ნორმებმა ქმედითობა დაკარგა, ხოლო გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევები პირდაპირ აისახება თითოეული ქვეყნის შიდა პროცესებზე. ამ ფონზე, კანონის უზენაესობა, სამართლიანი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არის სახელმწიფოებრივი სიმტკიცისა და საზოგადოებრივი ნდობის მყარი საძირკველი.
ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი სწორედ ძლიერ ინსტიტუტებზე გადის. საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილურობასა და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში შენარჩუნებას.
თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქა ჩვენს წინაშე თვისობრივად ახალ გამოწვევებს აყენებს, ჩნდება ისეთი კომპლექსური სამართლებრივი საკითხები, რომლებიც სამი ათწლეულის წინ არ არსებობდა. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს მისია უცვლელი რჩება: დაიცვას კონსტიტუცია, ადამიანის ღირსება და შეინარჩუნოს წონასწორობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის.
კონსტიტუციური წესრიგი არის ის უხილავი დამცავი ბარიერი, რომელიც გვიცავს არამხოლოდ შიდა, არამედ გარე კრიზისებისგან და გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერ ეროვნულ თუ გლობალურ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საიუბილეო თარიღს! დაე, საქართველოს კონსტიტუცია ყოველთვის იყოს ჩვენი სუვერენული სახელმწიფოებრიობის ურყევი საფუძველი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო - მისი სამართლიანი და სანდო მცველი.
ღმერთმა დალოცოს საქართველო!- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.








