საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპენქციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის სექტემბერში, მსჯავრდებული დაუკავშირდა ორსულ მეუღლეს და დააორგანიზა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა. დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით ქალს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალებები ,,მეთადონი” და ,,ალფა-პვპ” გადასცეს, რომლის შეტანასაც ცდილობდა მსჯავრდებულ მეუღლესთან ხანგრძლივ პაემანზე შესვლისას, რაც აღკვეთილი იქნა პენიტენციურ დაწესებულების თანამშრომლების მიერ.
ნარკოტიკული საშუალებების გადამცემ 3 დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე სეკუნდა მუხლის მერვე ნაწილის ,,ა“ და მეცხრე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინათ, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანის ორგანიზატორ პატიმარს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-25-260-ე სეკუნდა მუხლის მეცხრე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მცდელობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული ყველა პირის მხილების და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.








