„რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ სპორტულ ნიჭთან ერთად, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, ინვესტიციებიც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სპორტულ წარმატებას. თქვენ იცით, რომ გვაქვს უნიკალური მიღწევები 30 წლის თავზე ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად სპორტის ყველა სახეობაში. ფეხბურთელებმა პირველად შეძლეს ეასპარეზათ ევროპის ჩემპიონატზე და იქაც ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს, რაც იყო უდიდესი სიხარული და წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

"ასევე ჩვენი კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ისინიც გავიდნენ ჯგუფიდან და მადლობა ჩვენს კალათბურთელებს ამ უდიდესი წარმატებისთვის. ჩვენმა წყალბურთელებმა უკვე მიგვაჩვიეს, რომ გადიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე და 2-ჯერ დაიკავეს 8 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი ევროპაში.

ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ჩვენმა მორაგბეებმა პირველად მოუგეს 6 ერის გუნდებს, დაამარცხეს იაპონია, ასეთი წარმატება ჩვენს მორაგბეთა ნაკრებს არ ჰქონია 30 წლის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, ახალი ამბავი, ოლიმპიელებმა პირველად მიაღწიეს უმაღლეს შედეგს გუნდურ ჩათვლაში, მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს ამისთვის, მათ შორის, აქ დამსწრე ოლიმპიელებს. ანალოგიურად, ჩვენმა პარალიმპიელებმა მიაღწიეს უმაღლეს ადგილს გუნდურ ჩათვლაში, მადლობა ჩვენს პარალიმპიელებს ამ უდიდესი წარმატებისთვის“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


მისივე თქმით, დაიწყება საგანგებო, 2-მილიარდიანი პროგრამა სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.

„ჩვენი ვალია, გავაგრძელოთ და  კიდევ უფრო გავაფართოოთ სპორტის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, დაფინანსება გაიზრდება და დავიწყებთ საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. სპორტის წარმატებასთან ერთად მუდმივად იზრდება მოთხოვნა, განსაკუთრებით ბავშვებში, თუმცა არა მარტო ბავშვებში, მოზარდებშიც და ასაკოვან მოსახლეობაშიც არის ძალიან დიდი ინტერესი. განსაკუთრებით ბავშვებში იზრდება მოთხოვნა სპორტზე სიარულის კუთხით და ინფრასტრუქტურა ამას ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ვერ უწყობს ხელს. გვჭირდება სერიოზული ინვესტიციების ჩადება იმისათვის, რომ ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, მაქსიმალურად დაკავდნენ სპორტით. სპორტი ნიშნავს არა მხოლოდ მაღალი მიღწევების კუთხით წარმატებებს, ეს ნიშნავს ასევე ერის ჯანმრთელობას, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

განვითარდება მულტიფუნქციური კომპლექსები ახალი მიდგომით, უნდა მოიცავდეს ყველა მიმართულებას, ყველა სპორტული კომპლექსი, რომელიც აშენდება ქვეყანაში, სპორტული მოედნები, საფეხბურთო, სარაგბო მოედნები, სპორტული დარბაზები და ა.შ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სერიოზული ინვესტიცია ჩაიდება სპორტის სფეროში. ამ კუთხით გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც ცოტა აღიზიანებს ჩვენს ოპოზიციას, თუმცა აუცილებლად განხორციელდება, ეს არის ახალი, 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი თბილისისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ თბილისში 2028 წლისთვის ვუმასპინძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს. სტადიონის მშენებლობასთან ერთად შევიტანთ შესაბამის განაცხადს. არსებული სტადიონები, ცენტრალური, დინამოს სტადიონი ვერ პასუხობს ფინალისთვის დაწესებულ მოთხოვნებს, ახალი სტადიონი მოგვცემს უკვე ამ ყველაფრის საშუალებას. გარდა ამისა, ახალი სტადიონი იქნება სრულად ადაპტირებული, როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბის საჭიროებებისთვის და საკონცერტო ინფრასტრუქტურა იქნება სათანადოდ განვითარებული, რის საშუალებასაც დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.