"ბარისაშვილის მარანის" წარმომადგენელმა, მეღვინე გიორგი ბარისაშვილმა "რუსთავის 2-ის" გადაცემა "დებატებში" მენამყენეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში რეგულაციების შემოღება აუცილებელია.
მისივე თქმით, მენამყენეები ხშირად არაკეთილსინდისიერად იქცევიან.
"მე მივიჩნევ, რომ აუცილებლად [საჭიროა გარკვეული რეგულაციების შემოღება იმისთვის, რომ პროდუქტი იყოს ხარისხიანი] - მაგრამ ამას მომავლის ჭრილში უნდა შევხედოთ. ეს ნაბიჯი დროულად უნდა გადადგმულიყო, რათა საბოლოოდ საქართველოში ხარისხიანი, ნამყენი ვაზის ჯიშები გაშენდეს.
მცირე მენამყენეები ახსენეს - ყველაზე ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრს სცოდავენ. ეს რეგულაცია მათ არაფერს უკრძალავს და არ ეუბნება, რომ თქვენ აღარ გააგრძელოთ საქმიანობაო - გააკეთეთ ხარისხიანი ნერგი, გამოიყვანეთ ნამყენი და, კი ბატონო, გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა.
რაც შეეხება სანამყენეებს, ხშირად ხდება შეუსაბამო საძირის გამოყენება - ანუ, არა ის, რაც უნდა რქაწითელს, საფერავს, ალექსანდროულს, არამედ ხშირ შემთხვევაში, კახეთში ხდება ისე, რომ ჩადიან ალაზანზე და ჭრიან მწარე ვაზს, რომლის საძირედ გამოყენება საერთოდ არ შეიძლება და მასობრივად ხდება ასეთი ვენახების გაშენება.
რა თქმა უნდა, უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამას აკრძალავს - ანუ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, ოღონდ მართებულად. არ შეიძლება მათ ავუკრძალოთ საქმიანობა, მაგრამ უნდა ვუთხრათ, რომ იმუშავე, აკეთე შენი საქმე, მაგრამ გააკეთე მართებულად და სწორი მიმართულებით იარე," - განაცხადა გიორგი ბარისაშვილმა.




