სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან  დაკავშირებით

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ, მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას მსჯავრდებულ გ.ბ. - სთან დაკავშირებით.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსჯავრდებული გ.ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საცხოვრებელ საკანში, და არა სამარტოო საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის, მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.   

 

დამატებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული  და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწია სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, იმავე დღეს, დაბრუნებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. ხოლო, მიმდინარე წლის 12 ივლისს, გ.ბ. გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მსჯავრდებული, თანამესაკნესთან ერთად დღემდე იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

 ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტის დაფიქსირების დღიდან, 2025 წლის 11 ივლისიდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

 საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე.  სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ოფიციალური განცხადების გავრცელებამდე, მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილი N18 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია:

"2025 წლის 8 ივლისს 21:00 საათზე დამიბარა N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად და რამდენჯერმე მირჩია, რომ ბ. ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა, აინტერესებდა, თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში როცა ჩემი და ასევე, ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყვდეული, ყველა უფლების დარღვევით, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე „გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში რომ პირობები დააყენო, ხომ იცი ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, “გიჟიც” და ნაკლებად “გიჟიც“. საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში მე ეს მუქარად არ აღმიქვამს.

11 ივლისს, საღამოს 7 საათზე, გაიღო ჩემი საკნის კარი (სადაც მარტო ვიყავი ბოლო 1 კვირა, ვიდეო მეთვალყურის ქვეშ, საკანში განთავსებულია 2 ვიდეო კამერა, ვიცი რომ ვიდეო თვალი მუშაობს და 24 საათი მაკვირდებიან) და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება (მაღალი, სპორტული აღნაგობის, ეცვა თეთრი ფერის მაისური და ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი). ჩემთვის მას არ უთქვამს ვინ იყო, თავად არ გამეცნო, შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზედაც აგრესიულად მიპასუხა, რომ „აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა”. მე ვუთხარი, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა (მივხვდი, რომ პროვოკაციისთვის იყო ეს პირი შემოშვებული). აღნიშნულის შემდეგ, მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება. ვთხოვე, შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა. მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა, მხარზე სისხლამდე. ჩხუბის მიმდინარეობისას მეხუთე „ე“ ბლოკის დღის უფროსმა-არჩილმა კარის სარკმელი შეაღო, რა დროსაც შეჩერდა ეს ჩხუბი, თუმცა ამ პიროვნებამ არჩილს უთხრა რომ დაეკეტა სარკმელი, რასაც ჩემდა გასაკვირად მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა. შემდეგ, ისევ გაგრძელდა ჩხუბი, საკანში იდო შუშის ჩაის ჭიქა (მე არ მეკუთვნოდა, საკანში დამხვდა ეს ჭიქა, სავარაუდოდ, სხვა პატიმრის), რომელიც აიღო და თავზე გადამაფშვნა, რის შემდეგაც მუხლებზე დავედი და წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ, ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელის და სახის არეში, თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება, მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში. რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი. ვთხოვდი, დამშვიდებულიყო და თავი დაენებებინა, რამდენიმე წუთის შემდეგ, არჩილმა შეაღო კარი და ამ პირს სთხოვა გამოსულიყო საკნიდან და ერთად გავიდნენ. საკანში იყო სისხლის გუბე, კედლებიც სისხლით იყო დასვრილი, ვითხოვდი შეხვედრას ციხის უფროსთან. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქირურგთან.

ციხის უფროსმა მითხრა, რომ ეს პიროვნება იყო მსჯავრდებული, (სახელი/გვარი არ უთქვამს) და მისი განკარგულებით შემოუშვეს (შესახლების მიზნით) და არ იცოდა თუ იჩხუბებდა. თუმცა ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო.

ქირურგმა დამიმუშავა ჭრილობები და იარები, რა დროსაც კიდევ ერთხელ დავკარგე გონება, ამეწია წნევა და თავს ცუდად ვგრძნობდი. ვითხოვდი ადვოკატთან და სახალხო დამცველთან დარეკვას, თუმცა არ დამარეკინეს. შემდეგ ვითხოვდი კლინიკა "ვივა მედში" გადაყვანას, რადგან დამეწყო ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნევა, სინათლეზე გაღიზიანება, ყურებში შუილი. მათ გამოიხახეს სასწრაფო და "ვივა მედში" გადამიყვანეს დაახლოებით 21:00 საათზე. სასწრაფოსაც ვთხოვდი დარეკვის უფლებას, ასევე ვივამედშით დაჟინებით ვითხოვდი, თუმცა უშედეგოდ. "ვივა მედის" ექიმმა ვისი სახელიც არ ვიცი (ქერა მოკლე თმით ქალი, დაახლოებით 60 წლის, გამხდარი) მითხრა, რომ თუ დარეკვის გარეშე უარს ვაცხადებდი პროცედურების ჩატარებაზე, უკან გამაბრუნებდნენ ციხეში.

„ვივა მედში“ ჩამიტარდა კვლევები (თავის კატე, სისხლის ანალიზი, თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, მქონდა მრავლობითი კოპები, მარჯვენა მაჯაზე 1 ნაკერი, ნაკბენი მარცხენა ხელის მკლავზე (დამიმუშავეს), ქვედა ტუჩი შიდა მხრიდან იყო გახეთქილი, თუმცა არ გამიკერეს (ასევე აღმენიშნებოდა მარჯვენა სახის არეში, თვალის და ლოყის არე საგრძნობლად დაშუპება, მარჯვენა ქვედა ყბის მეექვსე კბილი კი მომტყდა) ასევე, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის არეში, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში. მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი, თავბრუს ხვევა. მოვითხოვე სტაციონარში დარჩენა, თუმცა უარი მითხრეს. ვერ ვდგებოდი საწოლიდან, მთელი ხმით ვყვიროდი და ვითხოვდი ტელეფონზე დარეკვას. საბადრაგო სამსახურის წევრებს ჩართული ჰქონდათ სამხრე კამერები. მომკიდეს ხელი და ძალის გამოყენებით ჩამსვეს საბადრაგო მანქანაში, დამაბრუნეს მე-8 დაწესებულებაში, სხვა საკანში.

ეს ხდებოდა 03:00 საათზე. დაახლოებით 03:30-ზე ჩემთან მოვიდა ორი გამომძიებელი ქალი, რომლებმაც მთხოვეს სისხლიანი ტანსაცმლის გახდა და გატანება, ასევე ჩვენების მიცემა, თუმცა ადვოკატის გარეშე ჩვენებაზე უარი განვაცხადე. ისევ მოვითხოვე ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან დარეკვა, თუმცა უშედეგოდ.

12 ივლისს დილით, უარი განვაცხადე საუზმეზე და სადილზე, რადგან მქონდა ტვინის შერყევის თანამდევი სიმპტომები. მოვითხოვე ექიმი და სტაციონარში გადაყვანა. დაახლოებით 16:00 საათზე გადამიყვანეს N18 დაწესებულებაში. კვლავ ვითხოვდი დარეკვას და მხოლოდ 18:00 საათის შედეგ შევძელი სახალხო დამცველის აპარატში დარეკვა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიმშილობა გამოვაცხადე.

ჩემს საკანში ვიდეო თვალი იყო, ასევე დერეფანში და ყველაფერი დაფიქსირებული უნდა იყოს, თუ როგორ შემოიყვანეს ჩემთან ის პიროვნება და შემდეგ სად წაიყვანეს. ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას. მოვითხოვ მარტო ყოფნას საკანში ვიდეო მეთვალყურის ქვეშ. სხვაგვარად ჩემს სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში იქნება. შაბათს საღამოს შემხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ყველაფერი მოვუყევი დეტალურად. ვითხოვ, სახალხო დამცველის აპარატისგან საკითხის შესწავლას და რეაგირებას.

ეს არის ციხის ადმინისტრაციის და კრიმინალების კოორდინირებული მოქმედების შედეგი, შესაბამისად, წარმოადგენენ ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას. ვაცხადებ, რომ რამდენი კრიმინალიც არ უნდა შემომიგზავნონ საკანში და ვისგანაც არ უნდა მოხდეს ძალადობა, მე არ გავტყდები და ვერ დამაშინებენ.

გიორგი ბაჩიაშვილი
2025 წლის 14 ივლისი
N18 პენიტენციური დაწესებულება", - წერს ბაჩიაშვილი.