გიორგი ბაჩიაშვილი ქართული დემოკრატიის რომელი მებაირახტრეა, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას უკავშირებენ, მათი ერთი ჩვეულებრივი აგენტია, რომელსაც საქმეს აკეთებინებდნენ და ახლა იცავენ,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი წვრილმანი აგენტია და ჰყავს პოლიტიკურად ძალიან წვრილმანი მფარველებიც.

„სადამდე დაეშვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში „ხალხის წარმომადგენლები“. რომელი ქართული დემოკრატიის მებაირახტრე გიორგი ბაჩიაშვილია, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას უკავშირებენ. მათი ერთი ჩვეულებრივი აგენტია, რომელსაც თავის საქმეს აკეთებინებდნენ და ახლა იცავენ, მაგრამ შენიღბულად მაინც გააკეთონ. ბაჩიაშვილის დონეზე რომ დაეშვება ადამიანი, დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენ და იწყებ ადამიანის დაცვას, რომელიც სხვის მატერიალურ ქონებას, ფინანსებს ითვისებდა და ფულს ატეთრებდა. ყველაფრის მანიშნებელია, რაზეც ქართულ მართლმსაჯულებას განაჩენი აქვს გამოტანილი. ბაჩიაშვილი წვრილმანი აგენტია და აღმოჩნდა, რომ ჰყავს პოლიტიკურად ძალიან წვრილმანი მფარველებიც. დიდი გაქანების მფარველი ბაჩიაშვილის ამ ფორმით დაცვას არც იკადრებდა,“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ქმედება ყოველთვის საქართველოს ეროვნული ინტერესების, კეთილდღეობის და მშვიდობის მიმართულებით იქნება აგებული.

„თუ კიდევ ვერ დარწმუნდნენ, რომ ვერავითარი „მეგობარი აქტები“ და ვერავითარი ზეწოლა ვერ შეგვაცვლევინებს შეხედულებებს სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით, გააგრძელონ. ჩვენს ქმედებებს „მეგობარი აქტის“ მიღება-არმიღებაზე ვერ ავაგებთ. ჩვენი ქმედება ყოველთვის საქართველოს ეროვნული ინტერესების, კეთილდღეობის და მშვიდობის მიმართულებით იქნება აგებული“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სენატორმა, ჯინ შაჰინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის. მე გავაგრძელებ ძალისხმევას პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მაგალითად, ორპარტიული „მეგობარი აქტის“ მიღებით“.