ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი შეეხო ამერიკის სენატორის, ჯინ შაჰინის, მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით.
ლევან მაჭავარიანი მოუწოდებს ჯინ შაჰინსა და მის კოლეგებს, რომ თვალი გადაავლონ თუ რა მაღალ დონეზე ჩატარდა თაღლითობაში ბრალდებული ბაჩიაშვილის დაკავების ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ.
„გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია თაღლითობაში, ისინი ხელს აფარებენ თაღლითს და იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით რაიმე კომენტარს აკეთებენ, მოდი კარგად გადაავლონ თვალი თუ რა მაღალ დონეზე ჩატარდა ეს ღონისძიება, რითაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველო შემდგარია, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სადაც ის წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა შეეფარდა - სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის, 8 986.86 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია