„26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე არის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული ყველა ქართველისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომელიც ასოცირდება სიამაყესთან, ღირსებასთან, ერთობასთან და რაც მთავარია, თავისუფლებასთან“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა.
„იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას მან დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სრულიად საქართველოს,
დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით გამოყო თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები და დაჭრილი მებრძოლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების სადარაჯოზე დგანან.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს.
„აღსანიშნავია, რომ 700-მდე წვევამდელიდან დაახლოებით 50%-მა ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი, შეერთებოდა თავდაცვის ძალებს და გამხდარიყო ქართული ჯარის დიდი ოჯახის წევრი. ძალიან სასიხარულო, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს პატრიოტული სულისკვეთება, ჯარისადმი სიყვარული და ჯარისადმი ინტერესი საკმაოდ მზარდია ჩვენს ახალგაზრდებში. იმედი გვაქვს, მათი რიცხვი მომავალში
კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა პაატა პატიაშვილმა პირდაპირ ეთერში საუბრისას.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკის გამოფენაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით, დედაქალაქის ჩათვლით, 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში თავდაცვის ძალებში არსებული ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენები მოეწყობა.
თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული, სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული დიდგორის სხვადასხვა თაობის ჯავშანმანქანები, ასევე თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული საარტილერიო სისტემები, აღჭურვილობა და მოწყობილობები, რომლის დათვალიერებისა და გაცნობის საშუალებაც ადგილზე მოსულ ყველა მოქალაქეს შეეძლება.
საუბრის ბოლოს პაატა პატიაშვილმა დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიების საჰაერო კომპონენტიც აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, საჰაერო თავდაცვის კომპონენტი, რომელიც იქნება ჩართული. დედაქალაქის თავზე გადაიფრენს სუ-25, რომელიც გამოუშვებს საქართველოს დროშის ფერების ბოლს“.