გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს 37-ე სხდომა გახსნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად კიდევ უფრო ეფექტიანი და სწრაფი ნაბიჯები გადაიდგას.
„მთელ მსოფლიოში, კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენა გაძლიერებულ სტიქიურ მოვლენებში გამოიხატა. რა თქმა უნდა, არც საქართველო არის გამონაკლისი. მიმდინარე წელს, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა დიდი ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია, რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა და გვაჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად უფრო ეფექტიანი და სწრაფი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად აღინიშნება, რომ პარიზის შეთანხმების შესასრულებლად ქვეყნების მხრიდან უფრო ამბიციური გეგმების აუცილებლობა არსებობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ მიდგომას, საქართველოს მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა, ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთობლივ გადაწყვეტილებაში და ქვეყნის ეკონომიკა დაბალ ნახშირბადიან ეკონომიკად გარდაქმნას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ უკვე დავგეგმეთ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული უფრო ამბიციური მიზნები, რაც შესაბამის სტრატეგიებში, გეგმებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებში აისახება. განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პროექტებისთვის ფინანსების მობილიზებაში კლიმატის მწვანე ფონდს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. საქართველოში, შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, GCF-მა ორი ეროვნული პროექტი დააფინანსა. ამასთან, ჩვენ ჩართული ვართ GCF-ის რეგიონულ პროექტებშიც. კლიმატის მწვანე ფონდი, გლობალური პრობლემების გადასაჭრელად, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა კლიმატის მწვანე ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვა, მწვანე ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა, მდგრადი სატრანსპორტო და მობილობის სისტემების ჩამოყალიბება, განათლების სექტორში კლიმატგონივრული მიდგომების შემოტანა, ქარსაფარი ზოლების აღდგენა, საძოვრების მდგრადი მართვის სისტემების ჩამოყალიბება.
აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, კონკრეტულად კი, საქართველოში, პირველად იმართება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს სხდომა. კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს მხარს უჭერს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში. აღნიშნული საბჭო შექმნილია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე 194 ქვეყნის მთავრობების მიერ.