მოწმის, დაზარალებულის, ბრალდებულის, მსჯავრდადებულისა და გამართლებულის მხრიდან, გამოძიების მიერ მოპოვებული/ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ცვლილება-დამატება უნდა შევიდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში.
სახალხო დამცველის აპარატმა თანაბარი ძალის მქონე ნორმატიულ აქტებში (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესების) შეუსაბამობა გამოავლინა.
ერთი მხრივ - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შენახვის ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს, როგორც გამოძიებასა და მართლმსაჯულების აღსრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს; მეორე მხრივ კი - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონით, სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში გამოძიების მიერ ავტოსადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯის გადახდა დაევალა მესაკუთრეს და კანონიერ მფლობელს, მიუხედავად მათი საპროცესო სტატუსისა.
ამოღებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს ობიექტურად, ისედაც ეზღუდება საკუთრების უფლება გამოძიების ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა, დამატებით, სადგომზე მისი შენახვის ხარჯების მესაკუთრისათვის/კანონიერი მფლობელისათვის დაკისრება, მაშინ, როდესაც ამ სატრანსპორტო საშუალების ამოღება და შესაბამისი ვადით დაცულ სადგომზე დაყოვნება მთლიანად გამოძიების ინტერესს წარმოადგენს, გაუმართლებელ მატერიალურ ზარალს აყენებს მას და ეწინააღმდეგება საპროცესო ხარჯების განაწილების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს.
შესაბამისად, 2024 წლის 11 მარტს სახალხო დამცველმა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა პროცესის მონაწილეებს (მოწმეს, დაზარალებულს, ბრალდებულს, მსჯავრდებულს და გამართლებულს) არ დაეკისროთ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული/ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ხარჯების ანაზღაურება.