სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
"უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.
საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება.
ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს მზაობას მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს რომელსაც ასეთი ფორმით ჩამოართვეს საქართველოს პირადობის მოწმობა. მსგავს შემთხვევებში გთხოვთ მოგვმართოთ აპარატს ცხელ ხაზზე - 1481." - ნათქვამია იოსელიანი განცხადებაში.