ბავშვების ხმა უნდა ისმოდეს ყველგან, ვინაიდან ყველაზე უკეთ, სწორედ მათ იციან თავიანთი საჭიროებების შესახებ. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად არ იციან თავიანთი უფლებები და ამ უფლებათა დაცვის მექანიზმები; მაშინ, როცა ბავშვების ინფორმირება დიდ როლს თამაშობს შესაძლო უფლებადარღვევების პრევენციის, დროული გამოვლენის და სათანადო რეაგირებისათვის, - განაცხადა სახალხო დამცველმა ღონისძიებაზე, რომელზეც ბავშვის უფლებების შესახებ ბავშვზე მორგებული საინფორმაციო მასალები წარადგინეს.
ღონისძიებაზე სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ბავშვების მონაწილეობით, პროექტი - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მხარდაჭერა - კვლევის, მონიტორინგისა და ბავშვებისთვის ინფორმაციის ადაპტირების საშუალებით“ შეაჯამა.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ მომზადებული საინფორმაციო მასალები ბავშვებს პრაქტიკაში მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად დაეხმარება.
ბავშვზე მორგებული საინფორმაციო მასალები ბავშვებისთვის მათი უფლებების და უფლებათა დაცვის მექანიზმების გაცნობას და ბავშვის უფლებების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას ისახავს მიზნად.
სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებაში ბავშვის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ამასთან, აპარატის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან ბავშვებს და ატარებენ მათთან საინფორმაციო შეხვედრებს.
შეხვედრის დასასრულს გამართულ დისკუსიაზე ბავშვებმა თავისი მოსაზრებები გამოთქვეს ბავშვის უფლებებისა და უფლებათა დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.