სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა, - აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რითაც ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.

„სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, დაბა ადიგენში წერეთლის N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკეობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა.

შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიდა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო დიდი პოლიცია.