თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, საზოგადოება სწორად აფასებს შექმნილ ვითარებას.
„ვხედავთ საარჩევნო კამპანიას, რომელშიც გაუგებარია, თუ ვინ არიან მონაწილე სუბიექტები, რადგან ვისმენთ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ და საარჩევნო განცხადებებს, არამედ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედი ორგანიზაციების და სხვადასხვა სუბიექტის შესაბამის განცხადებებს. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება საღად აღიქვამს ბოლოდროინდელ პროცესებს, ყველა იმ სიტყვას, ნაბიჯს თუ ქმედებას, რომლებიც მომდინარეობს და სრულდება ჩვენი მხრიდან. ამის მიზეზებიც უკვე ყველასთვის ნათელია და ის, რაც შეიძლება ცოტა ხნის წინ ბევრისთვის არადამაჯერებელი ჩანდა, დღეს ძირითადად უკვე სარწმუნო გახდა“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ რეგიონში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
„ვხედავთ, რომ რთული მოცემულობაა რეგიონში და არამხოლოდ რეგიონში. ამგვარ ვითარებაში კიდევ უფრო ვრწმუნდებით, თუ როგორი სიფრთხილეა საჭირო და ისე, როგორც არასდროს, უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. მშვიდობის ფასი ნამდვილად არაფერია და ეს ფასი ყველაზე მეტად იციან მათ, ვინც პირადად გადაიტანა თავის დროზე ომის მძიმე დღეები. შეიძლება ითქვას, რომ გვიწევს მშვიდობისთვის ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ქვეყანაში და დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ ახალ თაობას და მთელ საზოგადოებას ღირსეული მომავალი ჰქონდეს.