თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს სხდომაზე ქალაქის სიმბოლიკის კანონის წესით დამტკიცების თაობაზე დედაქალაქის მერის მიერ დაანონსებულ საკითხს გამოეხმაურა.
როგორც ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, ქალაქის სიმბოლიკა, რომელსაც დროშა და გერბი წარმოადგენს, ჰერალდიკის პრინციპების დაცვით კანონის შესაბამისად უნდა იქნას მიღებული. აქ იგულისხმება როგორც 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსში განსაზღვრული წესი, ისე შემდგომ, 2019 წელს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ მიღებულ კანონში დაზუსტებული განმარტებები.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არსებული სიმბოლიკა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც ჰერალდიკის საბჭოსთან კონსულტაციებისა და მათი პროფესიული მოსაზრებების გათვალისწინებით, საჭიროა მისი კანონის შესაბამისად მიღება და საკრებულოს მიერ დამტკიცება.
,როგორც მთავრობის სხდომაზე ითქვა, პროცესი იქნება ღია, ანუ ესკიზების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება. მნიშვნელოვანია, ბევრმა ადამიანმა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა, რომელთაგან კომისია საუკეთესო ნამუშევარს შეარჩევს’’,-განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ და კოლეგებს ამ საპასუხისმგებლო და საპატიო პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.
დასასრულს, საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ ემირ ბურჯანაძის მიერ შექმნილი სიმბოლიკა მომავალშიც იქნება ქალაქის აღმნიშვნელი ერთ-ერთი სიმბოლო.