თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე ქალაქში დაგეგმილ სიახლეებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც თბილისის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ცნობილი გახდა, რომ მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა სახსრები, რათა მოხდეს თბილისის მეტროს ძველი ვაგონების ჩანაცვლება. ამ გადაწყვეტილებას შედეგად მოჰყვება ის, რომ უფრო კომფორტულად იმგზავრებენ როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ტურისტები. როგორც დაანონსდა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით,
212 ვაგონის განახლება მოხდება. საბოლოოდ კი მეტროს განახლებულ შემადგენლობას მივიღებთ“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტების სირთულე და სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ბიუჯეტი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ფარავს, გრძელდება და იწყება არაერთი პროექტის დაფინანსება სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით, რაც მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვის. კომისიებზე დეტალურად განვიხილეთ და წარვადგინეთ შესაბამისი რეკომენდაციები და ვფიქრობ შესაძლებელი იქნება მათი გათვალისწინება“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.