თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა და მათი მხრიდან ნებისმიერი მშენებლობის გაპროტესტება და სასიკეთო პროექტებისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობა უარყოფითად შეაფასა.
როგორც ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, ოპოზიციას, სამწუხაროდ, უკვე მავნე ჩვევად ექცა ნებისმიერი მშენებლობის გაპროტესტება, მით უფრო, თუ ეს მშენებლობა ან სხვა სახის პროექტი რაიმე ფორმით უკავშირდება იმ ადამიანის სახელს, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ამ ქალაქისა და ქვეყნისთვის.
მისივე თქმით, რეალურად ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული თუ ურბანული პროექტები და მშენებლობები თბილისში ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა. მსგავსი მასშტაბების პროექტებს კი თან გარკვეული დისკომფორტი ყოველთვის ახლავს.
„ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და აქ არ არსებობს ვინმესთვის გამონაკლისი ან პრივილეგია. შესაბამისად, ის დისკომფორტი, რომელიც, მაგალითად, გადაადგილებას უკავშირდება, რა თქმა უნდა, თანაბრად მოქმედებს თითოეულ მოქალაქეზე.
ყველა ის პროექტი, რომლებიც ქალაქში ხორციელდება და გზების მშენებლობებთან არის დაკავშირებული, გარკვეულ უხერხულობას იწვევს, თუმცა, შედეგად უფრო და უფრო ლამაზდება და ვითარდება ჩვენი დედაქალაქი, რომელიც დღეს აბსოლუტურად განსხვავებულია წლების წინანდელი თბილისისგან“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ და აღნიშნა, რომ რეალურად თბილისი ხდება ევროპული ტიპის ქალაქი და ამ ყველაფერს დრო, მოთმინება და პროფესიონალიზმი სჭირდება.
ნინო ვარდოსანიძემ იმ კომპანიებსა და ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებსაც ხშირად არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი.
მისი თქმით, არის პრობლემა ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით და ის, ვისაც მშენებლობასთან ჰქონია შეხება, მსგავს პრობლემას აუცილებლად წააწყდებოდა.
„მთავარი არის ის, რომ რეალურად ვხედავთ ქალაქის განვითარებას, თუმცა, სამწუხაროდ, ასევე ვხედავთ, თუ როგორ ხდება შენების ნგრევად წარმოჩენა, განვითარების აპოკალიფსად დახატვა, მტკიცება იმისა, რომ თეთრი შავია, თან ხშირად იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავის დროზე ნგრევას და ფასადურ მშენებლობას შენებას უწოდებდნენ“, - აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.