თბილისის საკრებულოს წევრმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მოსახლეობას წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გაიმართა გარემოს დაცვის კომისიის 18 სხდომა, რომლებზეც განხილულ იქნა 108 საკითხი. მათ შორის გამოსაყოფია რამდენიმე:

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში“ შეტანილი ფუნქციური ზონის ცვლილებები; „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესში შეტანილი ცვლილება“  - 

თბილისის მერიის სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში;  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცება“. 

საკითხთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრებზე დასმული კითხვები და სამსახურების საჭიროებები კომისიამ გაითვალისწინა და თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტის განხილვისას თბილისის მუნიციპალიტეტის მერსა და მთავრობას მივმართეთ წინადადებებითა და ინიციატივებით, რაც 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა, კერძოდ, 2023 წლის ბიუჯეტში დამატებით გამოიყო ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული საფრთხის შემცველი, სარეაბილიტაციო უბნების საინჟინრო-ტექნიკური კვლევის, ასევე კვლევის შემდეგ საჭირო გამაგრებითი სამუშაოებისა და აღნიშნულ უბნებზე არსებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისათვის საჭირო სახსრები. 2022 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში ბოტანიკური ბაღის 2023 წლის ბიუჯეტი გაიზარდა 1 155 800 ლარით; ცხოველთა მონიტორინგისთვის ახალი მანქანების შესყიდვისა და შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო სახსრები - საბოლოო ჯამში, ცხოველთა მონიტორინგის ბიუჯეტი 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა 5 269 000 ლარით;  რაც შეეხება თბილისის ზოოლოგიური პარკისათვის საჭირო სახსრებს - 2022 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში, ზოოპარკის ბიუჯეტი 2023 წელს გაიზარდა 1 808 600 ლარით; 2023 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ეტაპობრივად გაიზარდა გამწვანების ღონისძიებების დაფინანსება და ამჟამად შეადგენს 108 514 700 ლარს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, გამწვანების ღონისძიებებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ქალაქის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე განხორციელდა გამწვანების ღონისძიებები და მოეწყო სარეკრეაციო სივრცეები: სანიტარიული ჭრის ფარგლებში მოსაჭრელად მოინიშნა და მოიჭრა ხმელი და ხმობადი ხე-მცენარეები. ჭრები განხორციელდა თბილისის ცენტრალურ უბნებში, წყნეთის ტყეპარკსა და წყნეთის გზატკეცილზე, თბილისი-კოჯრის დამაკავშირებელ გზაზე, ოქროყანის მიმდებარედ, ვალიკო ჯუღელის გზატკეცილზე, იუნკერთა ქუჩაზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ, უძოს ქუჩაზე, ბერიტაშვილის ქუჩაზე, ბერძენიშვილის ქუჩის მიმდებარედ და სხვა მისამართებზე. თბილისის მასშტაბით გამწვანების თარგებში შეტანილია 8964 მ3 ნოყიერი მიწა; მოჭრილი და გატანილი იქნა 15042 კუბური მეტრი ძველი საფარი, ასფალტის საფარი და ინერტული მასა; მოიჭრა და ერთ ნიშნულზე მოსწორდა 34880 კვ.მ ფართობი; ჰიდროთესვის  პრინციპით გამწვანების თარგებში დაითესა 182648 კვ. მ ბალახი; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სხვადასხვა მისამართებზე, დაიგო 16913 კვ.მ რულონური გაზონი. პარკებში, სკვერებსა და ქალაქის მოედნებზე დაირგო ყვავილები, მცენარეები და ნერგები. სარწყავი სისტემა მოეწყო 30 ობიექტზე.

„რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო ახალი სარეკრეაციო სივრცეები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მზიურის პარკი, რომელსაც კერძო საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაუბრუნდა და რომელზეც მოეწყო თანამედროვე ტიპის სარეკრეაციო სივრცე; სარაჯიშვილის გამზირზე არსებული 2,5-კილომეტრიანი შუა ზოლი, გამწვანებული კუნძულები და სარაჯიშვილის სკვერი, ასევე ლიბანის ქუჩაზე არსებული რეაბილიტირებული სკვერი. ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ გამწვანებული გზაგამყოფი კუნძულები, 140 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და 43 ძირი მწვანე ნარგავი. ასევე მოეწყო სარწყავი სისტემა, თარგებში მოიჭრა სტრუქტურადარღვეული ნიადაგის ფენა და შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი. მოხდა ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებული  ავლაბრის სკვერის რეაბილიტაცია. საანგარიშო პერიოდში კომისიაში შემოვიდა 708 განცხადება/წერილი, რომლებზეც კომისიამ შესაბამისი რეაგირება განახორციელა“, -  ნათქვამია ანგარიშში.

ასევე საანგარიშო პერიოდში შედგა მრავალი საჯარო შეხვედრა, კონფერენცია და ფორუმი.

„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრის სტატუსით მონაწილეობა მივიღე 18 სხდომაში, სადაც შესწავლილ იქნა 258 საკითხი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 

წევრის სტატუსით მონაწილეობა მივიღე ფრაქციის 18 სხდომასა და 26 საკითხის განხილვაში. როგორც კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი, დავესწარი საკრებულოს 15 სხდომას და საკრებულოს ბიუროს 19 სხდომას. საკრებულოს წევრის რანგში მონაწილეობა მივიღე 725 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განხილვაში“, -  ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის წარდგენას საკრებულოს  წევრები, მერიის წარმომადგენლები და  მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.