ტურიზმის სფეროში საქართველოს გარკვეული გამოცდილება, კარგი წინაპირობები და ხანგრძლივი პერსპექტივა გააჩნია. ამას ძალიან ბევრი რამ განაპირობებს, იქნება ეს განუმეორებელი და მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტები, ჯერ კიდევ ხელუხლებელი ბუნება, ენდემებით მდიდარი ფლორა და ფაუნა, მრავალი უნიკალური ძეგლი, მრავალფეროვანი კულტურა, ფოლკლორი, ტრადიციები და ა.შ

სწორედ ამიტომ, 2023 წელს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციისთვის მთავრობამ ბიუჯეტიდან 22.5 მლნ ლარი გამოყო.  სახელმწიფოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ის იყო, რომ დაცული ტერიტორიები 2023 წლის განმავლობაში ვიზიტორებს მომზადებული დახვედროდა.

ბუნებრივია, ამ მხრივ, მთავარ როლს ქვეყანაში არსებული ის დაცული ტერიტორიები თამაშობს, რომლებზეც ტურისტული ინფრასტრუქტურაა განვითარებული. ბოლო პერიოდში საქართველოში ეს მიმართულება საკმაოდ აქტუალური გახდა. მარტვილის, ოკაცესა და წალკის (დაშბაშის) კანიონებმა ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს და არა მხოლოდ კონკრეტული ლოკაციის, არამედ მთელი რეგიონის განვითარებას შეუწყვეს ხელი.

2023 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 1 000 000-ზე მეტი ვიზიტორი, რომლის 70% მხოლოდ კანიონებსა და მღვიმეებს ეწვია. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკო თევდორაშვილი აღნიშნავს, ბუნების ძეგლები, კანიონები, მღვიმეები და მცირე ზომის ბუნებრივად უნიკალური ტერიტორიები, რომლებიც სალაშქროდ და სამოგზაუროდ მარტივია, სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულ ვიზიტორებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ამ ხნის განმავლობაში გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში? „აიპრესის“ კითხვებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნიკო თევდორაშვილი პასუხობს.

ნიკო თევდორაშვილი: დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. ამჟამად, 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და სრულდება 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და მოსაწყობი სამუშაოები, მათ შორის, ბორჯომ-ხარაგაულის, კინტრიშის, ერუშეთის, ჯავახეთის, ვაშლოვანის, მარიამჯვრისა და ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე, ასევე იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობა. აღნიშნული ხელს შეუწყობს კიდევ უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდეს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა.

მიმდინარე წლის პროექტებს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია 3დ განათებების მოწყობა ოკაცეს ჩანჩქერსა და მარტვილის კანიონზე, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ზრდის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო პროექტების განხორციელებას ახდენს არა მხოლოდ სახელმწიფო სახსრებით, არამედ, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და კერძო ინვესტიციების მხარდაჭერით. აღნიშნულის ფარგლებში განხორციელდა წარმატებული პროექტები, მათ შორის, წალკის კანიონის, თეთრა მღვიმის განვითარების. მიმდინარე წელს, აქტიურად დაიწყო სამუშაოები ბალდის კანიონის განვითარების მიმართულებით, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი გახდება. ბალდის კანიონის განვითარების შედეგად მუნიციპალიტეტში შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რომლის შედეგად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეწყობა ხელი.

დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, საუბარია ინვესტორის სანდოობაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და პროექტის განხორციელების რისკფაქტორებზე. ამ მხრივ რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს და რამდენად ეფექტურად ხდება მისი განხორციელება?

დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტების განხორციელების მიმართულებით დაუგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელშიც ჩართული არიან შესაბამისი ექსპერტები. პროექტების განხორციელების დროს, რისკები, ბუნებრივია არსებობს, თუმცა სააგენტო მიმართულია აღნიშნული რისკების მინიმუმამდე დაყვანისკენ, განსაკუთრებით კი, ბუნების დაცვის კუთხით.

დაცულ ტერიტორიაზე ყოველი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი ხორციელდება დაცული ტერიტორიის მართვის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. თითოეულ შემთხვევაში ელექტრონული აუქციონის პირობების შემუშავებისას, შესაბამისი დაცულ ტერიტორიაზე მენეჯმენტის გეგმით დაშვებულ საქმიანობასთან ერთად მხედველობაში მიიღება ადგილობრივი თავისებურებები. ამასთანავე, უწყვეტად ხორციელდება აუქციონში გამარჯვებული სუბიექტის მიერ აუქციონის პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

გქონიათ თუ არა პრობლემები ინვესტორთან და როგორ გადაწყვეტილა მსგავსი ტიპის დავები?

ზოგიერთ შემთხვევაში ფიქსირდება აუქციონში გამარჯვებული პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ აუქციონისა და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ფაქტები. რიგ შემთხვევებში, შეუსაბამობების აღმოფხვრა ხორციელდება მოლაპარაკებების მეშვეობით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს სასამართლო.

ბოლო პერიოდში, აქტიურად საუბრობენ ბალდის კანიონის  პროექტზე, რომლის განხორციელებისთვის ინვესტორს 40 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება აქვს. რას გულისხმობს ეს ხელშეკრულება და რა პირობები აქვს სახელმწიფოს ჩადებული იმისთვის, რომ სრულად იქნეს გათვალისწინებული ყველაზე პრიორიტეტული ფაქტორი - ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები?

ბალდის კანიონის განვითარებისთვის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავდა ეკოტურისტულ-რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტი. ამასთან ერთად, გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, ჩატარდა გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები. აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესისა და ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, ბუნებას ზიანი არ მიადგება, მეტიც მოხდება ძველი, უკვე არსებული გზის რეაბილიტაცია და გაკეთდება უსაფრთხო კიდული ბილიკი.

მნიშვნელოვანია ასევე ითქვას, რომ აქამდე ამ ბუნების ძეგლის მხოლოდ მცირე მონაკვეთზე შესვლა იყო შესაძლებელი (და ეს არ იყო უსაფრთხო!),  პროექტის და როლერის ატრაქციის მეშვეობით კი შესაძლებელი ხდება ბუნების ძეგლის იმ მონაკვეთების დათვალიერება, რომელიც სრულიად მიუწვდომელი იყო. ადამიანი, იქ, პრაქტიკულად ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა.

ბალდის კანიონის პროექტის განვითარება მიმდინარეობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, იქმნება  დამატებითი მიზიდულობის ცენტრი - როლერის ატრაქცია, - ეს იქნება პირველი როლერი საქართველოში, რომლითაც სრულად სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები.

ამის შემდეგ, გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომლის მიზანი იყო ბალდის კანიონი განვითარებულიყო, როგორც მიმზიდველი ეკოტურისტული ობიექტი და მარტვილის კანიონის მსგავსად, ბალდის კანიონის მიმდებარე მოსახლეობას სხვადასხვა შესაძლებლობა გასჩენოდა სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.

ელექტრონული აუქციონის შედეგად, რომელშიც ადგილობრივი მეწარმეებიც იღებდნენ მონაწილეობას, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კომპანია „კანიონ 350“-ს შორის 40 წლამდე ვადით ხელშეკრულება გაფორმდა, აღსანიშნავია, რომ სააგენტო უფლებამოსილია 20 წლის შემდეგ გადახედოს ხელშეკრულების პირობებს და მიუსადაგოს იგი არსებულ რეალობას.

აუქციონის ფარგლებში, მოიჯარე კომპანიას ბალდის კანიონის ტერიტორიის 2,4 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლება ექნება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ტერიტორიაზე მინიმუმ 2 800 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ბალდის კანიონის ტერიტორიაზე სამუშაოების ნახევარი პრაქტიკულად დასრულებულია.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესში უშუალოდ დასაქმებულია 15-მდე ადგილობრივი. ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად შექმნილი სამუშაო ადგილების 99%-ზეც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ბალდის კანიონზე ეკოტურიზმის განვითარება რეგიონში დამატებითი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება ინვესტორს, აქვს თუ არა მსგავსი ტიპის პროექტები განხორციელებული და კონკრეტულად რომელი? რამდენად საინტერესოა მისი პორტფელიო ამ მიმართულებით?

სამწუხაროდ, არაერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. გვსურს განვმარტოთ, რომ „კანიონ 350“ 100%-ით ქართული კომპანიაა.  „კანიონ 350“ არის კომპანია შპს აქტივისტი-ს შვილობილი კომპანია, რომელსაც მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია საქართველოში სხვადასხვა ეკოტურისტული და ექსტრემალური ინფრასტრუქტურის მოწყობის სფეროში, მათ შორის: თბილისის ბოტანიკური ბაღის ზიპლაინი, საქართველოს ყველაზე დიდი ზიპლაინი(ვაკის ზიპლაინი), საირმის ზიპლაინი, საირმის თოკების პარკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზიპლაინი, ანაკლიაში მოეწყო საქართველოში ყველაზე დიდი თოკების პარკი, მარტვილის კანიონის ზიპლაინი, ოკაცეს ჩანჩქერის ზიპლაინი და სხვა.

რა მოგება ექნება ეკოტურიზმს აღნიშნული პროექტიდან და როდის იქნება პირველადი შედეგი, რომელიც მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან იყო სწორად მიღებული?

პროექტის დასრულების შედეგად მიღებულ სარგებელთან დაკავშირებით, რომელსაც სააგენტო თუ მოიჯარე კომპანია ელის, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბალდის კანიონის მოწყობის პროცესშივე დასაქმებულია 20- მდე ადგილობრივი მცხოვრები, პროექტის დასრულების შემდეგ, კი შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, და ძირითადად იქნება ადგილობრივი მოსახლეობით დასაქმებული.

მარტვილის კანიონის მსგავსად, ბალდის კანიონის განვითარების შედეგად, მიმდებარედ გაიზრდება ტურისტული ობიექტების რაოდენობა (კვების ობიექტები, სასტუმროები, მარნები), საინვესტიციო პოტენციალი, ამ ყოველივეს საჭიროება კი დადგება ტურისტების გაზრდილი რაოდენობის შედეგად, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ქვეყნის და მუნიციპალიტეტის ცნობადობას. ბალდის კანიონი, მარტვილის კანიონის და სხვა განვითარებული ობიექტების მსგავსად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ლოკაციად იქცევა, და არაერთ აღიარებას მოიპოვებს.