ტურიზმს, როგორც მომსახურების სფეროს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს.

საქართველოში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, მოსახლეობას მოუტანს დამატებით შემოსავლებს, შეამცირებს სოფლებიდან ქალაქში მიგრაციას და უმუშევრობის დონეს, ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციებისა და ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა პოპულარიზაციას.

ტურიზმის სფეროში საქართველოს გარკვეული გამოცდილება, კარგი წინაპირობები და ხანგრძლივი პერსპექტივა გააჩნია. ამას ძალიან ბევრი რამ განაპირობებს, იქნება ეს განუმეორებელი და მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტები, ჯერ კიდევ ხელუხლებელი ბუნება, ენდემებით მდიდარი ფლორა და ფაუნა, მრავალი უნიკალური ძეგლი, მრავალფეროვანი კულტურა, ფოლკლორი, ტრადიციები და ა.შ

საქართველო იმდენად მომხიბვლელი ქვეყანა გახდა ეკოტურიზმისთვის, რომ დადგა სპეციალური დოკუმენტის შექმნის საჭიროება, რომელიც დეტალურად გაწერდა იმ სტრატეგიას, რომლითაც უახლესი ათი წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს ქვეყანამ.

საქმეში აქტიურად ჩაერთვნენ საერთაშორისო დონორები და  საქართველოს 2020-2030 წლების ეკოტურიზმის სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავდა GIZ-ის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში პასუხისმგებელი  სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. პროგრამის მთავარი მიზანი გახლავთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების პირობების გაუმჯობესება დასაქმებისთვის რელევანტურ სექტორებში.

რა არის ეკოტურიზმის საერთაშორისო პრინციპები

ეკოტურიზმის სტრატეგიის დოკუმენტში მკაფიოდაა გაწერილი ეკოტურიზმის სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც ეკოტურიზმის საერთაშორისო საზოგადოებამ შეიმუშავა.

პრინციპების ერთობლიობა, უმნიშვნელოვანესია ამ ტიპის მოგზაურობის უკეთ გაგება-გაცნობიერებისთვის. სწორედ ამ პრინციპების დაცვის მეშვეობით ახერხებენ ეკოტურისტები მდგრად ტურისტულ მოგზაურობას. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:  გარემოსდაცვითი და კულტურული ცნობიერების ამაღლება და პატივისცემა; პოზიტიური გამოცდილების შეთავაზება როგორც ვიზიტორებისთვის, ისე მასპინძლებისთვის; სტუმრებისთვის პროდუქტის ინტერპრეტაციით დაუვიწყარი გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს უწყობს მასპინძლის მიმართ ნდობის გაზრდას; როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე კერძო სექტორისთვის ფინანსური სარგებლის მოტანა.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ეკოტურიზმი თავისთავში მოიცავს სათავგადასავლო ტურიზმის ელემენტებს, და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, იქნება ეს ალპინიზმი, ლაშქრობა თუ სხვა- მოგზაურობა, რომელიც მძაფრ შეგნებებს იწვევს. ამ კუთხით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ეწყობა თანამედროვე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ინტერესის მქონე ჯგუფებისთვის უზრუნველყოფილი იქნება კომფორტული და უსაფრთხო სერვისის შეთავაზება. როგორც გამოცდილი პარტნიორები აღნიშნავენ და რაც ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული სტრატეგიულ დოკუმენტში:  ეკოტურიზმის, როგორც პასუხისმგებლიანი მოგზაურობის როლი, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან იგი ცვლის ტურისტული დანახარჯების ნაკადის მიმართულებას. ეკოტურიზმისგან შემოსული მოგება სასიკეთოდ აისახება ადგილობრივ თემებზე, მაშინ როდესაც, მსხვილ ტურისტულ კომპანიებსა და ტუროპერატორებს ხშირად ადგილობრივებისთვის ნაკლები სარგებელი მოაქვთ.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ეკოტურიზმის ბაზრის მზარდი ტენდენციისა და ტურისტების მოთხოვნის გათვალისწინებით, ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება საქართველოს მოსახლეობის (მათ შორის ქალაქის მოსახლეობის) ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში კი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს კერძო ინვესტორს, რომელმაც მიმზიდველი გარემო უნდა შექმნას ვიზიტორებისთვის.

საქართველო და ეკოტურიზმი

ბუნებრივია, ამ მხრივ, მთავარ როლს ქვეყანაში არსებული ის დაცული ტერიტორიები თამაშობს, რომლებზეც ტურისტული ინფრასტრუქურაა განვითარებული. ბოლო პერიოდში საქართველოში ეს მიმართულება საკმაოდ აქტუალური გახდა. მარტვილის, ოკაცესა და წალკის (დაშბაშის) კანიონებმა ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს და არა მხოლოდ კონკრეტული ლოკაციის, არამედ მთელი რეგიონის განვითარებას შეუწყვეს ხელი.

2023 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 1 000 000-ზე მეტი ვიზიტორი, რომლის 70% მხოლოდ კანიონებსა და მღვიმეებს ეწვია. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკო თევდორაშვილი აღნიშნავს, ბუნების ძეგლები, კანიონები, მღვიმეები და მცირე ზომის ბუნებრივად უნიკალური ტერიტორიები, რომლებიც სალაშქროდ და სამოგზაუროდ მარტივია, სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულ ვიზიტორებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

2030 წლისათვის საქართველო იქნება წამყვანი, ეკოტურისტული ქვეყანა კავკასიის რეგიონში, რომელიც მისი მდიდარი ცოცხალი კულტურისა და ბუნების, აგრეთვე, მაღალი ხარისხის მომსახურების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ოთხივე სეზონის ეკოტურისტულ შეთავაზებებს. ეკოტურიზმი საქართველოში უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ავთენტური გამოცდილების გაზიარებას, სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას; ამავე დროს, იგი უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში“, - ნათქვამია ეკოტურიზმის სტარტეგიაში და ამის ნათელი მაგალითია სამეგრელოს რეგიონი, რომლის კანიონები მსოფლიო მოგზაურთათვის მთავარ ტურისტულ  მიმართულებად იქცა.

მარტვილის, ოკაცეს და მალე ბალდის კანიონი - სამეგრელო, ეკოტურისტებისთვის მთავარი ჰაბი გახდება

გარდა იმისა, რომ ტურიზმში კანიონებს დიდი როლი უჭირავთ, ასეთი ადგილების განვითარება ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელია. ეს კი, შესაბამისად, დამატებითი სერვისების განვითარებას უწყობს ხელს.

ამის ნათელი მაგალითებია მარტვილისა და ოკაცეს კანიონი, რომელსაც მალე ბალდის კანიონიც შეუერთდება.

„როდესაც მარტვილის კანიონი გაიხსნა, მიმდებარე ტერიტორიაზე 2 რესტორანი და 1 განთავსების ობიექტი იყო წარმოდგენილი. დღეის მდგომარეობით, იმავე ტერიტორიაზე 40-ზე მეტი კვების ობიექტი და 60-ზე მეტი სასტუმროა. ეს ცალსახად აჩვენებს იმას, თუ როგორ განავითარა კანიონის შექმნამ და ვიზიტორების ნაკადის მიმართვამ კერძო სექტორი, რომელმაც სხვადასხვა სერვისი შესთავაზა აღნიშნულ ნაკადს. აღსანიშნავია, რომ ამ სერვისებს სტუმრებს ადგილობრივები აწვდიან. შესაბამისად, დასაქმების  მაჩვენებელიც საგრძნობლად იმატებს.

ამჟამად თავად მარტვილის კანიონში 700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 2018 წელს გერმანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მარტვილის კანიონმა ქვეყნის ეკონომიკაში 15 მილიონი ლარი შეიტანა. ეს არა მხოლოდ უშუალოდ კანიონის შემოსავალს, არამედ ადგილობრივი კერძო სექტორის მიერ ტურისტებისთვის გაწეული დამატებითი სერვისებით მიღებულ შემოსავალსაც გულისხმობს.

მარტვილის კანიონის განვითარების მოდელი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ. 2019 წელს მარტვილმა გაიმარჯვა ევროსაბჭოს ლანდშაფტის კონკურსში, როგორც მდგრადი განვითარების კუთხით ყველაზე მიმზიდველმა ადგილმა. მდგრად განვითარებაში კი, ლანდშაფტისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ჰარმონიზაცია იგულისხმება. ძალიან სასიხარულოა, რომ არსებულ კანიონებს მალე შეუერთდება ბალდის კანიონიც, რომელიც შეძლებს ასევე უმასპინძლოს სტუმრებს“, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი.

ორივე კანიონი დაცული ტერიტორიაა, რომელიც 2013 წელს შეიქნა, რაც ნიშნავს, რომ ამ ადგილის განვითარება სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება და კერძო სექტორსაც მკაცრად განესაზღვრება, თუ რა შეუძლია გააკეთოს და როგორ.

ანალოგიური დათქმებია ბალდის კანიონთან დაკავშირებითაც.

2013 წელს ბალდის კანიონს უნიკალური ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბალანსზე გადავიდა.

2023 წლის აპრილში „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ ბალდის კანიონი, კერძო კომპანიას, „კანიონი 350“-ს 40 წლით აუქციონის წესით იჯარით გადასცა. (ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე კომპანია ვალდებულია, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის – ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი - ჯამში 2,8 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია.

პროექტის განმახორციელებელი კომპანიის დამფუძნებელი  გიორგი მერკვილაძე,  რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა ტურისტულ ატრაქციებზე ზიპლაინების მოწყობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, აღნიშნავს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ეს ადგილი წლიურად 60 000-მდე ვიზიტორს მიიზიდავს, რაც 6-ჯერ მეტია დღევანდელი ვიზიტორების რაოდენობაზე.

„ჩვენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც პროექტი იყო წარმოდგენილი. პირველ ჯერზე აუქციონი ჩავარდა, ხოლო მეორე აუქციონში ჩვენ გავიმარჯვეთ. აუქციონის პირობების მიხედვით, ტურისტული ლოკაციის მოწყობის შემდეგ მიღებული შემოსვლის 6% სახელმწიფო ბიუჯეტში შევა და კომპანია ყოველწლიურად მიწის გადასახადს გადაიხდის.
პირობების მიხედვით, ტერიტორიის ნაწილი 40-წლიანი იჯარით გადმოგვეცა, 20 წელიწადში გადახედვის უფლებით. შეთანხმების პირობებითვე, ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწყოთ, რომელიც 390-400 მეტრის ბილიკს, საფეხმავლო ბილიკს, დაკიდულ ბილიკს, და როლერის ატრაქციას მოიცავს.  ზიპლაინისგან განსხვავებით როლერი, არ არის სწორხაზოვანი, ნაკლებად სწრაფია დაკანიონის რელიეფს იმეორებს. კანიონის დათვალიერება ამჟამად მხოლოდ ხიდიდან ხდება და მცირე არეალით, პროექტის განხორციელების შემდეგ კი როლერის მეშვეობით, დამთვალიერებელი კანიონის იმ ნაწილს გაივლის, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო, ადამიანი იქ ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა. ეს იქნება პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში, რომელიც იმავდროულად სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებთან. ბალდის კანიონის პროექტის რეალიზაციის შემდეგ, შშმ პირები თავისუფლად შეძლებენ ისარგებლონ ადგილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით, როგორც ბილიკების ნაწილით, ასევე როლერის ატრაქციით,“ - აცხადებს  გიორგი მერკვილაძე.

და ბოლოს, კვლავ მთავარ დოკუმენტს რომ მივუბრუნდეთ: ეკოტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია ტურიზმის ინდუსტრიაში. დღეს ეკოტურისტული მოგზაურობების რიცხვი სამჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზოგადად ტურიზმი. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებაზე მიუთითებს ბოლო წლებში ეკოტურისტული პროდუქტების მომხმარებელთა გაზრდილი ინტერესიც, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ სამომავლოდ ამ ბაზრის წილი კვლავაც გაიზრდება.