უპირველესად, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 16 წლის მოზარდის ოჯახს, მოხდა უდიდესი ტრაგედია, რაზედაც შსს-გამოძიება უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს საქმის გარემოებებს. - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე სოციალურ ქსელში წერს.

"აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ გუშინვე ოპოზიციური მედიის “ვაი ჟურნალისტების” მიერ კიდევ ერთი შეგნებული ტყუილის, ცილისწამების, ტრაგედიის სხვათა დისკრედიტაციისთვის გამოყენების მორიგი მაგალითი ვიხილეთ. თითქოს არაფერი აღარ გვიკვირს მათგან, მაგრამ ის ფაქტი, რომ სიუჟეტებში უბედური შემთხვევის გაშუქებისას კადრში სანიაღვრე ჭას გვანახებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ უბედური შემთხვევა “რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში” მოხდა, მაშინ როდესაც ტრაგედია კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში დატრიალდა, ადამიანობისა და პროფესიონალიზმის ყველა საზღვარს სცდება.

ეს ყველაფერია, ჟურნალისტიკის გარდა, პროფესიული სტანდარტების - ფაქტების ობიექტურად გადმოცემის ნაცვლად ვიღებთ მომხდარი ფაქტის მიკერძოებულ გაშუქებას, სიცრუის ტირაჟირებასა და დატრიალებული ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობას.