თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა, რომელიც ინარჩუნებს სიცოცხლეს. მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის, ეთერ კიღურაძის თქმით, ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველ წელს, იანვარში თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად ნათდება.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარებისკენ, ჩვენ კი მათ გაუმჯობესებული სერვისებით ველოდებით. აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი შეიცვალა და PAP ტესტირებიდან, გადავიდა HPV ტესტირებაზე. ეს მეთოდი კიდევ უფრო მეტი ქალის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს”, – განაცხადა ეთერ კიღურაძემ.
თბილისის სატელევიზიო ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.
აღსანიშნავია, რომ 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.