დოკუმენტში რაც მნიშვნელოვანი ჩაიდო, არის ის, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალი არჩევნების თარიღი უნდა გამოაცხადოს, ისევე როგორც აპრილის სესიამდე უნდა მოხდეს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული ექნება უფლებები, რაც სხვა დელეგაციებს აქვთ.
„სხვა პირობებიც არის ჩადებული, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ორი არის პრინციპული საკითხი. ეს ორი არის მოთხოვნა, რომელიც დგას რუსთაველზე, უკვე ორ თვეზე მეტია. რაც შეეხება უფლებამოსილების მინიჭებას, შეიძლება, ფორმალურად ასე ჩანდეს, მაგასაც ვერ დავარქმევდი, რაც დაუტოვეს აპრილამდე. უფლება ექნებათ, სასესიო დარბაზში შევიდნენ, თორემ სხვა მხრივ PASE-ში ქვეყნების დელეგაციებს რა უფლებებიც აქვთ, ყველა უფლება არის შეზღუდული. ისინი ვერ მიიღებენ კომიტეტებში მონაწილეობას, სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობას, ვერ მიიღებენ თანამდებობებს PASE-ში, ყველა უფლება, რაც აქვთ დელეგაციებს, აქვთ შეზღუდული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.