ემიგრანტი მოყვარული თეატრალებისგან შემდგარი დასი მაყურებელს დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალს" წარუდგენს, რომლის რეჟისორი ბადრი წერედიანია.

"წინა პერიოდში მაყურებელს ნოდარ დუმბაძის "ჰელადოსი" წარვუდგინეთ. დადგმა წარმატებული გამოდგა. გვქონდა გასტროლი ქალაქ კაუნასში. ემიგრანტი მოყვარული მსახიობები ნიჭიერები, მონდომებულები არიან და რეპეტიციები საინტერესოდ მიმდინარეობს. თავად "სამანიშვილის დედინაცვალი" საინტერესო ნაწარმოებია, საშუალებას იძლევა ინტერპრეტაციები გაკეთდეს სადადგმო მიმართულებით. კლასიკური პიესაა, თუმცა თანამედროვე აქტუალურ კითხვებსაც პასუხობს  შინაარსით.

პრემიერა 3 ივნისს ჰოლანდიაში გაიმართება და ამ სპექტაკლის გატანას სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალზეც ვაპირებთ",- განაცხადა ბადრი წერედიანმა.  

თეატრ "ათინათის" თანადამფუძნებლის, ბაია ახვლედიანის ინფორმაციით, აღნიშნული  დასი ემიგრანტების თავშეყრის მნიშვნელოვანი ადგილია ნიდერლანდების სამეფოში, რაც ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან სახელოვნებო ადგილს წარმოადგენს. 

"ქართულ საქმეს ვაკეთებთ და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აქაური ყოველდღიურობის ფონზე, ქართულ სიტყვასთან, ლიტერატურასთან და ზოგადად ხელოვნებასთან კონტაქტი ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. დასში 25 წევრია. ვინც სცენაზე ვერ დადგება და ამჯერად როლი არ ექნება, ისინი ტექნიკურ საკითხებში გვეხმარებიან და ფუნქციები გადანაწილებული გვაქვს. ალბათ, სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენი კლასიკოსი მწერლის, დავით კლდიაშვილის ნაწარმოებში, ერთ-ერთ მთავარ როლს ჩვენი დასის წევრი დავით კლდიაშვილი შეასრულებს. ნაწარმოები იძლევა იმის საშუალებას, დადგმა დაიტვირთოს სიმღერებით და ქორეოგრაფიული ნომრებით. მუსიკას სპექტაკლისთვის ვახო ნინუა დაწერს. ვცდილობთ ემიგრაციაში ქართული ტრადიციები და სული შევინარჩუნოთ", - განაცხადა ბაია ახვლედიანმა.


ნიდერლანდების სამეფოში სამოყვარულო თეატრი  "ათინათი" 2021 წელს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თინათინ ახვლედიანმა დააფუძნა.