Next Gen Specialists(NGS )-ის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა თემაზე: „პერსონალური ბრენდინგი და პროფესიული წარმატება“. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდა სამედიცინო პროფესიონალების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, საკუთარი შესაძლებლობებისა და პროფესიული უპირატესობების უკეთ წარმოჩენას, პერსონალური ბრენდის ჩამოყალიბებასა და კარიერული შესაძლებლობების გაძლიერებას.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ პერსონალური ბრენდის შექმნისა და განვითარების ძირითად პრინციპებს, პროფესიული იდენტობის მნიშვნელობასა და პოზიციონირების თანამედროვე მიდგომებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეფექტურ კომუნიკაციას, პროფესიულ ხილვადობასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად წარმოჩენას.
“როში მედიცინაში ინოვაციების განვითარების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ არა მხოლოდ ინოვაციების შემქმნელი, არამედ მათი გამზიარებელიც. სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას უკავშირდება. გარდა ამისა, თანამედროვე პროფესიულ გარემოში წარმატებისთვის მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება აღარ არის საკმარისი, ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია, რამდენად კარგად შეუძლია ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, პროფესიული ღირებულებების კომუნიკაცია და საკუთარი თავის სწორად პოზიციონირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ახალგაზრდა ექიმებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ პროფესიულ გზას და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ სამედიცინო სფეროში. სწორედ ამიტომ, NGS-ის ფარგლებში გადავწყვიტეთ, ყურადღება დაგვეთმო პერსონალური ბრენდინგისა და პროფესიული წარმატების თემისთვის. გვჯერა, რომ საკუთარი ძლიერი მხარეების გაცნობიერება, ეფექტური კომუნიკაცია და პროფესიული იდენტობის ჩამოყალიბება მათ დაეხმარება როგორც კარიერულ განვითარებაში, ისე მომავალში საკუთარი სფეროს ლიდერებად ჩამოყალიბებაში, “ - აღნიშნა „როშ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა მაკა ასათიანმა.
პროგრამას უძღვებოდნენ საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კახა მაღრაძე, რომელმაც ისაუბრა პერსონალური ბრენდის შექმნასა და პროფესიულ კომუნიკაციაზე, პროფესიული იდენტობისა და პოზიციონირების მნიშვნელობაზე, ასევე ეფექტიანი საქმიანობისთვის საჭირო უნარებზე. მეორე ნაწილი დაეთმო კარიერული განვითარების პრინციპებს, პროფესიული ხილვადობისა და პიროვნული თვითგანვითარების მიმართულებით. მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა CIPD კვალიფიკაციის მქონე HR პროფესიონალმა, საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” ადამიანური რესურსების მენეჯერმა, სერტიფიცირებულმა მენტორმა, რუსუდან კინწურაშვილმა.
ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ინტერაქტიულ დავალებებსაც. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იყო ძლიერი მხარეების გამოვლენის, კარიერული პოზიციონირებისა და პროფესიული თვითპრეზენტაციის საკითხებიც. აღნიშნულმა შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა, გაცნობოდნენ თანამედროვე პროფესიულ მიდგომებს და უკეთ განესაზღვრათ საკუთარი კარიერული განვითარების პერსპექტივები.
დასასრულს გაიმართა დისკუსია.
ტრენინგი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით, საგანმანათლებლო და პროფესიული პალტფორმის NGS-ის ფარგლებში მოეწყო, რომელიც წარმოადგენს კომპანიის გრძელვადიანი საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პლატფორმას მათთვის, ვისაც სურს გახდეს დარგის ლიდერი. პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის შეიქმნა, მიზნად ისახავს თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოებას. პლატფორმა მომავალი თაობის ექიმებს სთავაზობს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ონკოლოგიის, ჰემატოლოგიის, ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებით.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო ვებგვერდზე: www.ngs.com.ge




