National Geographic-ი მსოფლიოში ყველაზე ველური და ლამაზი 17 ადგილის რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ წამყვან ადგილს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი იკავებს,- ინფორმაცია ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.
„საქართველოს აღმოსავლეთ საზღვართან, აზერბაიჯანის გვერდით, მაღლა, კლდეებში დავითგარეჯის მონასტერი მდებარეობს, რომელიც ბერების 19 სენაკისგან შემდგარ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ქართული ხელოვნების შედევრად მიიჩნევა. ერთ-ერთ გამოქვაბულში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს მონასტერი და ხანდახან უდაბნოს ავისმომასწავებელ სიჩუმეში ბერების გალობის მოსმენაა შესაძლებელი“, — წერს ჟურნალი.
დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი - ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსია. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთანერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით. დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“. შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები.