საქართველოს სამი მოწვევის(მე-6, მე-7, მე-8) პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გივი თარგამაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. 

"ჭორვილური ჩეჩმის რუსული რეჟიმი მუქარით, დაჭერით, ცემით, პროპაგანდისტული ქაქის სროლით, უკანონო ჯარიმებით, გამოგონილი გირაოებით გვებრძვის.

კარგად მესმის, ნებისმიერი უკანონო ჯარიმა ან გირაო რეჟიმის მიერ თავხედურად მოთხოვნილი ხარკია - ან ჯდომით უნდა გადაიხადო, ან, ფულით. ამ მოცემულობაში ყველას პირადი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი.
ჩემს შემთხვევაში,  ოჯახთან და მეგობრებთან კონსულტაციით, მათი თანადგომით გადავიხადე გირაო.  მათი მადლობელი ვარ. 

არჩევანის გაკეთებისას პრიორიტეტი მანევრის საშუალების შენარუნებას მივანიჭეთ. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე თავისუფლება საერთო საქმისთვის მეტის გაკეთების საშუალებას მაძლევს.

რაც შეეხება ყველა სხვას, ვინც არგადახდას აირჩევს  - მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ, პატივს ვცემ მათს გადაწყვეტილებას.

არც დევნა, არც ტერორი შემაკავებს,  რისიც მჯერა, იმის კეთებისგან. შეჩვეული ვარ. შევარდნაძობისას ნარჩემაშვილი მიჭერდა. ასლანის ბაბუინების მთელმა რაზმმა ცემით კინაღამ საიქიოს გამისტუმრა. ოცდახუთწლიანი პატიმრობის განაჩენი მაქვს ბელორუსში, რუსეთიდან ხუილოს პირადი საჯარო დავალებით ყბადაღებული საგამოძიებო კომიტეტი მეძებს. სამშობლოში რუსებთან გადაზავებულმა ნაბიჭვრების მთავრობამ ოჯახი, ცოლი, შვილი მიბულინგა და მერე ტერაქტი მომიწყო. ამ ყოველივეს და გლუვის რეჟიმის ბუნების გათვალისწინებით მივიღე გადაწყვეტილება. თავისუფლებამ შევარდნაძის თავისი ნარჩემაშვილიანად და ასლანის თავისი ბაბუინებიანად გასტუმრებაში საგრძნობი წვლილის შეტანის საშუალება მომცა, ვფიქრობ, ამ ნაგვის გატანაშიც დამეხმარება.
მაქვს ჩემი ეჭვი, რას დაადგენს საბოლოოდ სასამართლო, მაგრამ, ეგ არ მადარდებს. ზუსტად ვიცი - მხოლოდ ჩემი პირადი კი არა, ჩვენი სამშობლოს ამბავი სასიკეთოდ მხოლოდ მაშინ მოტრიალდება, როდესაც მოლანდებული დიფსტეიტის აბორტის ეს მსხვერპლი დაემხობა. ამასაც მოვესწრებით." - წერს გივო თარგამაძე "ფეისბუკში".

შეგახსენებთ,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს, გივი თარგამაძეს  დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე  აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გივი თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 3 აპრილს დაიბარეს თუმცა, არ გამოცხადდა. 

საქართველოს პარლამენტში "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მისი საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. 

ცნობისთვის, 2025 წლის 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ დაკისრებული 20 ათასლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. 

2025 წლის 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ  პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილი  აღკვეთის ღონისძიების სახედ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სახელმწიფო საზღვრის კვეთა აუკრძალა. 

ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადა 8 მაისს ამოეწურა.