"დავათვალიერეთ იმ პროექტების ნაწილი, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. მათ შორის, ისტორიული და უნიკალური ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი. ეს არ არის მხოლოდ რეკრეაციული სივრცის აღდგენა-რეაბილიტაცია, აქ არის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის მქონე შენობები, რომლის რეაბილიტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სპეციფიკური სამუშაოების გამო, პროექტი ვადებში ოდნავ გაიწელა, რათა არ დაიკეტოს პარკი და არ მოხდეს ბუნებაში უხეში ჩარევა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში ასეთი პროექტები ხორციელდება“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამცხე- ჯავახეთში მიმდინარე პროექტების დათვალიერების შემდეგ.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მიმდინარეობს ბორჯომის ცენტრალური პარკის მშენებლობა, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, დასრულების ეტაპზეა ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მინისტრის მოადგილეებთან, სამინისტროს თანამშრომლებთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა. 

აქტიურ ფაზაშია ბორჯომის ისტორიული ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი, ამ ეტაპისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ყოფილი ბორჯომის ქარხნის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე, რომელიც შსაბამისი წესების დაცვით რესტავრირდება. დასრულებულია თოკების ქალაქის ატრაქცია,მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა ინფრასტრუქტურა. პრომეთეს ძეგლის მიმდებარედ სრულდება გამწვანების სამუშაოები, ეწყობა სპორტული სივრცე. გეგმაშია პარკში ისეთი სივრცეების განვითარება, რომელიც ბორჯომის მოსახლეობას და სტუმრებს დასვენების და დროის ხარისხიანად გატარების პირობებს შესთავაზებს.

რეგიონში, ასევე, მიმდინარეობს 21 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. ბორჯომსა და ახალციხეში უკვე დასრულდა 350 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.

 
ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბორჯომში სამუშაოები ოთხ ქუჩაზე  მიმდინარეობს, დაწყებულია სილამაზის და მტრედის ხიდის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობას, რომელიც დასრულების ეტაპზეა. ამჟამად მიმდინარეობს სისტემების ტესტირება. სპორტკომპლექსის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით.