ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია "ყველა ერთისთვის" მიმდინარეობს, სადაც შეკრებილი არიან გიორგი გიორგანაშვილის მეგობრები, მომხრეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა, რომელმაც შსს-ს კეთილგონიერებისა და პატიოსნების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

"შსს-ს მივმართავ, რომ მგონი მე უფრო მჯერა თქვენი კეთილგონიერების და პატიოსნების და დაიჯერეთ თქვენც თქვენი თავის, ნუ დააფარებთ ხელს და ნუ გახდებით თქვენც ასეთივე კრიმინალური ქმედების თანაავტორები", - აცხადებს ნანკა კალატოზიშვილი.

"რატომ არ ისჯებიან დამნაშავე პოლიციელები?", "დასრულდეს", "არ იქნება დეკრიმინალიზაცია, არ იქნება მშვიდობა", "სისტემა გვებრძვის", "კანონმა უნდა დაიცვას ადამიანი", - ამ სლოგანების თანხლებით ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაზე "ყველა ერთისთვის" შეკრებილთა მოთხოვნებია:

  • გიორგი გიორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;
  • გათავისუფლდეს "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი ბექა წიქარიშვილი;
  • კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;
  • უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტკა.
  • მოწოდება საქართველოს პრეზიდენტისადმი, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და გამოუშვას გიორგი გიორგანაშვილი.

აქციას უერთდება "თეთრი ხმაურის მოძრაობა", "ტალღა", Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, "გირჩი", "ქალთა მოძრაობა", "საფარი/Sapari", "ქალთა მზერა", "აუდიტორია #115" და სხვა.

ცნობისთვის, გიორგი გიორგანაშვილი გასული წლის 25 იანვარს დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას მას 0,3726 გრამი სუბოტექსი აღმოუჩინეს. მსახიობი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. 2018 წლის 23 იანვარს კი, გიორგი გიორგანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარებისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აგრეთვე დაკავებულია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მისი დაკავება გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოხდა, როდესაც წიქარიშვილმა სასამართლო შენობის ფანჯარას აგური ესროლა.

წიქარიშვილის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის, სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.