ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის, საჭიროებიდან გამომდინარე, ინფუზიების (გადასხმების) რაოდენობა იზრდება. განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, გააკეთა.
„დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომლის თანახმად, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამით მოსარგებლეებს ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებიდან გამომდინარე, 18 ინფუზიამდე დაუფინანსდებათ. აქამდე ქვეპროგრამით 14 გადასხმა ფინანსდებოდა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
მისივე თქმით, კიბოს ნაციონალური ყოვლისმომცველი ქსელის, (NCCN) - PMC - NCBI-ის, 2024 წლის გაიდლაინის მიხედვით, ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობისას პერჯეტა + ჰერცეპტინის (ფესგოს) სტანდარტი წარმოადგენს 21-დღიანი ციკლებით მკურნალობას 1 წლის განმავლობაში, რაც 18 ციკლს/ინფუზიას შეადგენს. შესაბამისად, ქვეპროგრამით მოსარგებლეებს შესაძლებლობა ექნებათ უახლესი გაიდლაინებით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად 18 ინფუზია მიიღონ.