თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაასრულა. მოსწავლე ახალგაზრდობის განახლებული სასახლე თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა საინჟინრო ქსელები, გაძლიერდა შენობის ფუძე-საძირკველი, კონსტრუქციულად გამაგრდა ძირითადი და დამხმარე ნაგებობები, ჩატარდა ფასადის რესტავრაცია, შეიცვალა სახურავის, ბურულისა და წვიმასატარი სისტემები, განახლდა ბაღის ისტორიული ღობე და ჭედური ჭიშკარი.
გარდა ამისა, რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ ავეჯს, აღდგა იატაკი და ჭერი; ჩატარდა მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების კონსერვაცია-რესტავრაცია, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო ე.წ. სარკეებიან დარბაზში აღდგა კარები და დარაბები.
რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული. სასახლე გამოირჩევა ისეთი უნიკალური არქიტექტურული სივრცეებით, როგორებიცაა: ე.წ. სარკეებიანი დარბაზი, მარმარილოს დარბაზი და თეთრი დარბაზი.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც 4 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს. თბილისის განვითარების ფონდმა სასახლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო.
სამუშაოები კომპანია „ინსმა“ შეასრულა, პროექტის საერთო ღირებულებამ კი 56 428 251 ლარი შეადგინა.