მოხეტიალე მთვარის თეატრმა წარმოადგინა შესანიშნავი ახალი თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
თოჯინური სპექტაკლი, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მარჯანიშვილის თეატრის მხარდაჭერით შეიქმნა, მოგვითხრობს ლეგენდარული ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის, ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
პიესის ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი და რეჟისორია ნიკა ლუარსაბიშვილი, სცენოგრაფები - ნინო კიტია და ირინე ყველიაშვილი; მეთოჯინეები არიან: ლევან ბაიდაური, გიორგი თოთაძე, ალექსანდრე კვეზერელი, ნინი კოტაშვილი, ნიკა მჭედლიშვილი, ნანიშა მეტრეველი, ლუკა ჭულუხაძე, ლელა ხაჩატუროვი.
სპექტაკლს ახმოვანებენ: ლევან წულაძე (არქივარიუსი), გია კიტია (მეეზოვე), არჩილ სულაქველიძე (ნიკო ფიროსმანი), ნიკოლოზ ღუღუნიშვილი (პატარა ნიკო), მარი კიტია (ნიკო ფიროსმანის დედა), ნანიშა მეტრეველი (ელისაბედი), ალექსანდრე კვეზერელი (ლადო ), ნიკა ლუარსაბიშვილი (დიმიტრა), მარიამ გულაშვილი (მარგარიტა), ჯეჯი სხირტლაძე (ქალანთაროვები, რკინიგზისა და კაფე შანტანის დირექტორი);
თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“ კულტურის სამინისტროს კონკურსის - „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“ - ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია
კონკურსის მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში ახალი შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელება; ახალი ფორმების, გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების ძიება; საზოგადოებისთვის უცნობ ხელოვანთა წარმოჩენა; ქართული თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნება და ახალი დადგმებით გამდიდრება.