"სიმღერა ჩვენი სულიერი განძია. მუსიკა, გულში გავლილი, ამთელებს, სულსა და გულს სიკეთით მომართავას. ვინც ამ საქმეს სიმართლითა და თავმდაბლობით ემსახურება, მის გულში სიკეთე და სითბო ისადგურებს. ყველაფერი გაივლის, ყველა თავის თავთან დარჩება მარტო… ამ ფიქრებში, გულითა და გონებით სიმშვიდეს და სიყვარულში გაძლიერებას გისურვებთ!" - წერს ანსამბლ "მართვეს" სოლისტი მიშო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში:
"ხალხურ სიმღერას ერთი უცნაური თვისება აქვს, თუ შენ გვერდით მდგომი კაცი არ გიყვარს, ისე ვერ იმღერებ!" - ანზორ ერქომაიშვილი.
მთელი ცხოვრება, ქართული კულტურის - ხალხური შემოქმედების წიაღში ვიზრდებით მე, ჩემი ძმა და ჩემი მეგობრები. მთელი ცხოვრება ამ საქმის კორიფეების ხელმძღვანელობით გავიარეთ. სიმღერით მეგობრეთან ერთად მრავალი გამარჯვება და სიხარული მოგვიტანია ჩვენი ქვეყნისთვის. არასდროს დაყოფა და სიძულვილი… არასდროს ვინმეს ან რამის გამო უკან დახევა და შიში…. მხოლოდ სწორ გზაზე დგომა… ისევ და ისევ აღმატებულზე - ეროვნულ კულტურაზე ფიქრი და მის პოპულარიზებაში მონაწილეობაა ჩვენი ცხოვრების წესი. ამ გზაზე მუდამ სწორი სვლით მივდივარ ჩემს გვერდში მდგომებთან ერთად.
დღეს, ამ სწორ გზას ანსამბლი “მართვე” და მისი ძლიერი, მყარი ისტორია ამტკიცებს. მრავალ თაობა გამოვლილ დიდ ძალას და ეროვნულ საქმეს, ჩვენი დიდი პედაგოგების გაკვალულ ნათელ გზას, მუდამ სასარგებლო ნაყოფი გამოჰქონდა და ეს, ასე გაგრძელდება!
ეს საქმე ეროვნულია, ნამდვილი ქართულია, რაც ჩვენს ქვეყანას აძლიერებს და ამტკიცებს, ამ სამჭედლოში გამოზრდილი ბიჭები და გოგონები, ერის სულიერი სიმტკიცეა, რაც ვერ წაიშლება. ვერც ვერავინ, კარნახითა და არაჯანსაღი მოსაზრებებით შეარყევს, ვერც შიდა თუ გარედან წამოსული რყევებით შეიტანს ბზარს. ეს გზა მტკიცეა და მყარი ნაბიჯებით გაგრძელდება ამ ქვეყანაში.
სიმღერა ჩვენი სულიერი განძია. მუსიკა, გულში გავლილი, ამთელებს, სულსა და გულს სიკეთით მომართავას. ვინც ამ საქმეს სიმართლითა და თავმდაბლობით ემსახურება, მის გულში სიკეთე და სითბო ისადგურებს. ყველაფერი გაივლის, ყველა თავის თავთან დარჩება მარტო… ამ ფიქრებში, გულითა და გონებით სიმშვიდეს და სიყვარულში გაძლიერებას გისურვებთ!
———“ღმერთს შენთვის გონება და გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული – გაგითბობს... გონებაგანვითარებულ უზნეოს კარგი ხასიათის გონებაგანუვითარებელი სჯობია" - ილია მართალი.