იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გააფორმა. იუსტიციის სამინისტრო 2025 წელს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ 8 პროექტს დააფინანსებს. გამარჯვებულ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა.
გრანტის მიმღებ პირებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, ნიკო თათულაშვილი და სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილი შეხვდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გამარჯვებული პროექტების მრავალფეროვნებასა და აქტუალობას.
საგრანტო კონკურსის მიზანია იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება, სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.
იუსტიციის სამინისტრომ მორიგი საგრანტო პროგრამა 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადა. კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები იყო ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება. კონკურსის ფარგლებში, ჯამში, 30 საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 8 საუკეთესო შეირჩა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი იხილეთ აქ: https://justice.gov.ge/files/9GyzLnALuLxU.pdf
იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. 2021-2024 წლებში უწყებამ 48 პროექტი, ჯამში, 1 080 619 ლარით დააფინანსა. სამინისტროს წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.