ასეთი პასუხი გასცა პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს მის მიერ არხთან და მისი სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებთან და მუქარებთან დაკავშირებით  

აშშ-ის პრეზიდენტმა ბოლო დღეების განმავლობაში  პანამის არხთან დაკავშირებით ჯერ თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტები, შემდეგ კი არიზონის შტატის ქალაქ ფინიქსში, ახალგაზრდულ კონფერენციაზე, Turning Point USA, გამოსვლის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, პანამის არხი შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნულ აქტივად ითვლება მისი კრიტიკული როლის გამო ამერიკის ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. უსაფრთხო პანამის არხის როლი განუზომელია აშშ-ის ვაჭრობის სფეროსთვის და საზღვაო-სამხედრო ძალების ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში სწრაფი გადასროლისთვის.

შეერთებული შტატები არის არხის ნომერ პირველი მომხმარებელი, ყველა ტრანზიტის 70 პროცენტზე მეტი მიემართება აშშ-ის პორტებიდან ან პორტებში. თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ საოცრებად მიჩნეული პანამის არხი  110 წლის წინ გაიხსნა შეერთებული შტატების არაერთი ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე და დიდი მატერიალური დანახარჯების გაღების შედეგად. პრეზიდენტ ტედი რუზველტის ბრძნული გადაწყვეტილებით აშენებული პანამის არხი პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა სულელურად დათმო და იგი პანამას უნდა ემართა და არა ჩინეთს ან ვინმე სხვას. ასევე პანამას არ უნდა დაეწესებინა უზომო ტარიფები არხით მოსარგებლე შეერთებულ შტატების კორპორაციებისა და საზღვაო ძალებისთვის. ჩვენს საზღვაო ძალებს და ბიზნესს მოეპყრნენ ძალიან უსამართლოდ და არაგონივრულად. პანამის მიერ დაწესებული გადასახადები შეუსაბამოა, განსაკუთრებით პანამის მიმართ შეერთებული შტატის მიერ გამოჩენილი არაჩვეულებრივი გულუხვობის ფონზე. ჩვენი ქვეყნის ეს სრული „გატყავება" დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - დაწერა დონალდ ტრამპმა და დაიმუქრა, რომ პანამის მხარე შეერთებული შტატების კეთილშობილური ჟესტის შესაბამისი მორალური და იურიდიული პრინციპებით არ იხელმძღვანელებდა შეერთებული შტატები არხის სრულ და უპირობო დაბრუნებას მოითხოვდა.   

გუშინ საღამოს, არიზონის შტატში ახალგაზრდულ კონფერენციაზე გამოსვლისას მან კვლავ გაიმეორა დაუშვებლად მიიჩნევს პანამის არხზე კონტროლის სხვა ქვეყნის ხელში გადასვლას.

„ჩვენ არასდროს დავუშვებთ მის (პანამის არხის) არასათანადო ხელში მოხვედრას" - თქვა ტრამპმა.

პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ  ტრამპზე X-ზე ატვირთული ვიდეოჩანაწერით უპასუხა. 

მისი თქმით, პანამის დამოუკიდებლობაზე მოლაპარაკება შეუძლებელია. ჩინეთს არანაირი გავლენა არ აქვს არხის ადმინისტრირებაზე, არხის გავლაზე დაწესებული გადასახადი კი ახირების გამო არაა დაწესებული. თუ აშშ-ის ახალ მთავრობას სურს ისაუბროს ბიზნესზე, ჩვენ ვისაუბრებთ ბიზნესზე პირისპირ და ხალხის ინტერესების შესაბამისად, მაგრამ არასდროს არ მოხდება საუბარი ღირსებაზე. 

„პანამის არხისა და მიმდებარე ტერიტორიის ყოველი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პანამას და ასე იქნება მომავალშიც“, - თქვა მულინომ.  

„ვნახოთ!" - თავისი ასეთი მინაწერით ატვირთა ტრამპმა სოციალურ ქსელში მულინოს პასუხი.


„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აშშ-ის არხზე" - ასეთი მინაწერი აქვს ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში ერთი წუთის შემდეგ ატვირთულ ფოტოს, რომელზედაც ჩანს პანამის არხზე მოფრიალე აშშ-ის დროშა.