მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობს.

ასამბლეის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში.

მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სერვისებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა ეფექტიანი და პრევენციაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოსაყალიბებლად პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აუცილებელია. მისივე თქმით, მიმდინარე რეფორმა ითვალისწინებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ოჯახის ექიმების როლის გაძლიერებას, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმების დანერგვასა და სოფლის მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქრონიკული დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და მართვას, პრევენციული პროგრამების გაძლიერებას და პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მოქალაქეთა ნდობის ზრდას.