გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში, ქვეყნის მასშტაბით, 215 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 59 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 17 შემთხვევაში მონადირეებს გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, ხოლო 13 შემთხვევაში სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღის განმავლობაში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია ნადირობის 125 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. „მანოკი“.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების აქტიური გამოყენება, დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ნადირობის წესები და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე; ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს.









