"მტკიცება, თითქოს რომელიმე იერარქისადმი ხმის არმიცემა შეიძლება შეფასდეს როგორც „ღალატი“, ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის კანონიკურ ბუნებას, ისე მის სულიერ წესრიგს"- ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში წერს.
"მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური და სულიერი ტრადიციის თანახმად, წმინდა სინოდის თითოეული წევრი განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და თავისუფლებით არის აღჭურვილი, როდესაც მონაწილეობს ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილების პროცესში, როგორიც საპატრიარქო არჩევნებია.
ეკლესიის ეკლესიოლოგიური ბუნება ეფუძნება არა იურიდიულ ფორმალიზმს ან პიროვნულ გავლენებს, არამედ სულიწმიდის მადლით ხელმძღვანელობას. შესაბამისად, წმ. სინოდის წევრი მოწოდებულია, პირველ რიგში, იყოს ლოცვით მდგომარეობაში, სულიერი ჭვრეტასა და შინაგან თავისუფლებაში, რათა მისი არჩევანი იყოს არა გარეგანი ზეწოლის, ავტორიტეტის ან წინასწარი მითითებების შედეგი, არამედ ჭეშმარიტად სინდისისა და სულიწმიდის კარნახის გამოხატულება.
მტკიცება, თითქოს რომელიმე იერარქისადმი ხმის არმიცემა შეიძლება შეფასდეს როგორც „ღალატი“, ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის კანონიკურ ბუნებას, ისე მის სულიერ წესრიგს. ეკლესიაში არ არსებობს იძულება სინდისზე; პირიქით, იგი იცავს პიროვნების თავისუფლებას, რომელიც განწმენდილი უნდა იყოს ლოცვითა და პასუხისმგებლობით.
საპატრიარქო არჩევნები არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული აქტი, არამედ ეს არის ღრმად სულიერი აქტი, სადაც თითოეული მღვდელმთავარი პასუხს აგებს ღმერთის წინაშე საკუთარი გადაწყვეტილებისთვის. ამიტომაც, ყოველი სინოდის წევრი თავისუფალია და ვალდებულია, დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე, განსაზღვროს საკუთარი პოზიცია.
ეკლესიის ერთობა არ მიიღწევა იძულებით, არამედ სიმართლეში, სიყვარულში და თავისუფლებაში. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყოს არა მხოლოდ კანონიკურად სწორი, არამედ სულიერად ნაყოფიერი ეკლესიისთვის"- წერს მეუფე საბა.




