ამის შესახებ ბოდბის ეპისკოპოსმა იაკობმა ნინოობის დღესასწაულზე, ქადაგებისას განაცხადა.
,,როდესაც [ზოგს] ეკითხებოდი, რამდენი სქესია, სანამ ბატონი ტრამპი არ მოვიდა პრეზიდენტად, იმათთვის, უამრავი სქესი იყო. მოვიდა ტრამპი და ითქვა დიდ ქვეყანაში, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი, მართლაც ძალიან დიდი ქვეყანაა ამერიკა და იქაური პრეზიდენტის ნათქვამს მართლაც დიდი ძალა აქვს. ჩვენთან მანამდე რომ ვერ ბედავდნენ, ეფიქრათ და თავის აზრი ეთქვათ, ჩამოყალიბდნენ და ნელ-ნელა დაიწყეს რომ თურმე მამაკაცი და დედაკაცი ყოფილა. მიხვდნენ ახლა, იმედია დიდი ხანი შემორჩება მათ მეხსიერებაში და სხვა რაღაცას ძებნას არ დაუწყებენ.
ეს საქართველოა, ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს, ყოველთვის ვკვდებოდით სიმართლისათვის, უსამართლობას ვერ მოვითმენთ. ერთმანეთს როგორც ვექცევით არ შეიძლება.
დიდ შერიგებაზე რამდენს ვლაპარაკობთ, არ აშუქებენ ამას არასდროს. მერე გამოვლენ და ცემა-ტყეპა რომ ატყდება იძახიან, სად არის ეკლესია, სად არის პატრიარქი და გვსაყვედურობენ.
ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ, ქუჩაში სირბილით არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ მეორე მხარეც არის. მხარეებად არ უნდა დავიყოთ, მხარეები შეიძლება სიკეთის კეთებაში ვიყოთ, თორემ ისე არ შეიძლება, მითუმეტეს ახალგაზრდების გამოყოფა.
..რასაც აკეთებს ზოგიერთი ქალბატონად წოდებული, არ გაიმეოროთ. ეს არის ერის დიდი სირცხვილი.
იმედი მაქვს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობებში შემოვა ქართველ ხალხთან, არ მოუსმენს იმ სისულელეებს, რასაც ჩვენი ხალხის ძალიან მცირე ნაწილი საუბრობს და ჯანსაღი ურთიერთობები დაგვიდგება.
რისთვის გვინდოდა ევროკავშირი ან ნატო,რომ დაცულები ვყოფილიყავით და წარმატებული ცხოვრება გვქონოდა ყველა სფეროში, თუ დღესვე მბლოკავ და შენ ჭკუაზე უნდა ვიარო, ვინ ხარ ბოლო-ბოლო.
ჩვენი ეკლესია არავის მისცემს საშუალებას, რომ ჩვენი ერი ვიღაცამ დაჩაგროს. შევრიგდეთ, დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და აბსოლუტურად ყველა ქარტეხილს გადავივლით. ,,