,,თბილისში და აჭარაში გლობალური საინვესტიციო კომპანიის შემოსვლა ეს არის მაღალი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, მათ შორის,  ეკონომიკური ზრდის მიმართ და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ინვესტიციის ფარგლებში  ათასობით და ათი ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ქართული ეკონომიკა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შეიქმნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად,  Emaar-ის, ძალიან მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის შემოსვლა საქართველოში იქნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, - თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. 

ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი დაესწრნენ.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და რომელთა წინასწარი შესწავლა და შეფასება უკვე დასრულებულია.