აბსოლუტურად გაუმართლებლად მივიჩნევ ახალ სტილზე მყოფი ეკლესიების მოხსენიებას ჭეშმარიტებისგან განდგომილებად, მით უფრო, რომ ჩვენ ევქარისტიულ ურთიერთობაში ვართ თითოეულ მათგანთან და მსგავსი შეფასებები (ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს) მათ ავტორებს არასახარბიელო კუთხით წარმოაჩენს (უპირველესად) დედა ეკლესიის წინაშე,- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის საშობაო გზავნილშია აღნიშნული.

"ქრისტეს შობის მოახლოებისას ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის აქტიურდება ხოლმე საეკლესიო კალენდრის თემა, გამოითქმის სხვადასხვა ვერსია და მოსაზრება, რასაც ამძაფრებს ხოლმე საახალწლო ზეიმთან დაკავშირებული უხერხულობები, რაც აწუხებს კიდეც ადამიანებს (მით უფრო, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქრისტიანია). ამასთან დაკავშირებით ამჯერად მოკლე შეფასებით შემოვიფარგლები:

საეკლესიო დღესასწაულთა თარიღები დადგენილია (ასე ხდება დღესაც) ეკლესიის კანონიკურ იერარქთა ერთობის მიერ და თუ მათი ცვლილების გარდაუვალი აუცილებლობა დადგება, ეკლესია იმსჯელებს ამაზე, თუმცა, გაუმართლებლად და დაუშვებლად მივიჩნევ, რომ აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთო შიდა ეკლესიური ერთობისთვის საფრთხედ ვაქციოთ; აქვე იმასაც დავსძენ, რომ ასევე აბსოლუტურად გაუმართლებლად მივიჩნევ ახალ სტილზე მყოფი ეკლესიების მოხსენიებას ჭეშმარიტებისგან განდგომილებად, მით უფრო, რომ ჩვენ ევქარისტიულ ურთიერთობაში ვართ თითოეულ მათგანთან და მსგავსი შეფასებები (ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს) მათ ავტორებს არასახარბიელო კუთხით წარმოაჩენს (უპირველესად) დედა ეკლესიის წინაშე. მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს და ამაში გვარწმუნებს ეკლესიის მიერ დღემდე განვლილი გზა.

ჩვენი ცხოვრება წარსულში და დღესაც მიმდინარეობს კონკრეტულ კულტურულ და გეოპოლიტიკურ სივრცეში, რამაც თავისი კვალი დაატყო ჩვენი ერის მიერ დღემდე განვლილ ისტორიულ გზას, ჩვენს ეროვნულ და საზოგადოებრივ ცნობიერებას; სამყაროში განვითარებულმა ინდუსტრიულმა და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენ ვართ ჩვენი გარემომცველი სამყაროსა და მსოფლიოს განუყოფელი, ორგანული ნაწილი. საკაცობრიო ცივილიზაციისადმი კუთვნილების განცდა, ერთი მხრივ, ხელს გვიწყობს, რომ დავანგრიოთ ჩვენში არსებული მეტისმეტად მავნე სტერეოტიპური წარმოდგენები სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, გვავალებს, რომ მივიღოთ და კარგად გავიაზროთ და გავიზიაროთ ის სიკეთე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. აქვე გეტყვით, რომ მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე და სწორედ ამის გაუთვალისწინებლობა იწვევს ხოლმე გაუთვალისწინებელ შედეგებს, როცა თითქოს სიკეთე გსურდა, მაგრამ ღებულობ საპირისპიროს, ანუ იმას, რასაც არ ელოდი, ან სულაც არ გინდოდა. კვლავ და კვლავ გავიმეორებ, რომ მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს, თუმც კი, ეს არ გამორიცხავს მიზანდასახულობას და პრინციპებისადმი ერთგულებას. ეს ყველაფერი კი თავს იყრის საღ აზრში, რასაც დაფასება სჭირდება".