თბილისის მერიის განცხადება
"გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ სამძიმარი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო. ვუსამძიმრეთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დღეს მთელი საქართველო გლოვობს ამ ტრაგედიას.
აქვე გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა, მათ შორის არავინ ყოფილა დედაქალაქის მერიიდან.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე და ცილისწამება. დედაქალაქის მერი, საკრებულოს თავჯდომარესთან, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრებთან ერთად, დღეს დაესწრო სამოქალაქო პანაშვიდებს და პირადად მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მათ შორის, იმყოფებოდა ზემო ფონიჭალის ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარში.
აღნიშნული ფაქტის გადამოწმება არათუ მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნებოდა ძალიან მარტივი, თუმცა ტელეკომპანიამ, რომელიც გამოირჩევა სიცრუის ტირაჟირებითა და პოლიტიკური სპეკულაციებით, ამ უმძიმეს წუთებშიც სცადა მაყურებლის მოტყუება. - ნათქვამია მერიის გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ფონიჭალაში, 5 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა.
ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 გარდაცვლილი, 5 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.










