კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონკურსის - „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია“ - გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
დაჯილდოების ცერემონიალი მუსიკალურად გააფორმეს ბავშვებმა და ახალგაზრდებმა - ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა, ვაჟთა გუნდმა „მძლევარმა“ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლმა „მართვემ“.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით კონკურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად 2023 წლის 14 მარტს გამოცხადდა.
კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2023 წლის 14 მარტიდან 2023 წლის 28 აპრილის 18:00 საათამდე საკონკურსოდ წარედგინათ 2022 წელს წიგნად გამოცემული პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, პიესები („საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“) და პროექტები („საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“).
კონკურსში 53 ავტორი და გამომცემლობა მონაწილეობდა. ჟიურის ხელმძღვანელობდა მწერალი გურამ პეტრიაშვილი.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში:
1. საუკეთესო პოეტური კრებული - ვანო ჩხიკვაძე, „სარკის ჩიტი“ (გამომცემლობა „ელფი“);
2. საუკეთესო პროზაული კრებული ყველაზე პატარებისთვის (3-6 წელი) - ირმა მალაციძე, „პატარა ბობოს ამბავი“ (გამომცემლობა „შემეცნება“);
3. საუკეთესო პროზაული კრებული პატარებისთვის (7-12 წელი) - თინათინ ჭეჟია, „საბავშვო მოთხრობები“, მურად მთვარელიძე, „თანამედროვე უფლისწული“ (გამომცემლობა „შემეცნება“);
4. საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი ყველაზე პატარებისთვის (3-6 წელი) - „კარგად ყოფნის წესები“, მხატვარი მარიამ პაპუაშვილი (გამომცემლობა „პალიტრა L“);
5. საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი პატარებისთვის (7-12 წელი)- „საბავშვო მოთხრობები“, მხატვარი თამარ მამუკელაშვილი; „რა ღირს მოგზაურობა მზეზე“, მხატვარი ლელა ცინაძე (გამომცემლობა „ელფი“);
6. საუკეთესო საბავშვო დრამატურგია - ედუარდ უგულავა, საყმაწვილო პიესა „დუდანა“;
7. საუკეთესო დებიუტი - ქეთი კვიტატიანი, „მეგი პორპინსი და სხვა მოთხრობები“ (გამომცემლობა „ელფი“);
8. საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი - ლუსი მოდ მოტგომერი, „ენი მწვანე მეზონინებიდან“, მთარგმნელი ია კოროშინაძე (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“);
9. საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი - თამარ ადამია, „მხიარული ხაზები“ (გამომცემლობა „ელფი“);
10. პრემია საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის გადაეცა მარიამ წიკლაურს (წარმდგენი გამომცემლობა „პეგასი“).
ნომინაციაში - „საუკეთესო პროზაული წიგნი ყმაწვილებისთვის 13+“ - გამარჯვებული არ გამოვლინდა.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულზე პრემიის სახით გაიცა 5000 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
ინფორმაციისთვის: 2022 წელს კონკურსში მონაწილეობისთვის „შემოქმედებით საქართველოს“ 50-მა განმცხადებელმა მიმართა, 2021 წელს - 37-მა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით ლიტერატურული კონკურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად წელს უკვე მესამედ გაიმართა. ამ ხნის განმავლობაში კონკურსი წარმატებით მიმდინარეობს და მისდამი ინტერესი თანდათან იზრდება.