უამრავმა ნაცნობმა მომწერა კითხვით: მართლა იჭრება თუ არა რუსთაველის გამზირზე მრავალწლოვანი ჭადრები?
ამ საკითხზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, თუმცა ვისაც არ უნახავს, მათ გასაგონად კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არცერთი ჯანმრთელი მრავალწლოვანი ხე არ მოიჭრება. - ამის შესახებ თბილისის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს.
ასევე, გადაიბელა ტროტუართან ახლოს მდებარე ერთი ხე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს უნდა მოიჭრას მიწა. სხვლა-ფორმირების შედეგად ამ ხეს არაფერი ემუქრება. კიდევ ერთი ხე გაისხვლება რუსთაველის გამზირზე ამავე მიზეზით. დანარჩენი ჭადრის ხეები სრულად იქნება შენარჩუნებული.
მოკლედ, ჭადრები არ იჭრება, არა, უფრო მეტიც, ბევრი ხე დაირგვება დამატებით რუსთაველზე და გვექნება არა მხოლოდ განახლებული, არამედ უფრო მწვანე მთავარი გამზირი." - წერს მანანა თოქმაჯიშვილი















