ვიწყებთ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას. ეს არის რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო გაგვეწელა. რუსთაველის გამზირი არის ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი როგორც ვიზუალური, ისე ისტორიის თვალსაზრისით. გამზირი, რომელსაც უნახავს არაერთი სიხარული, გამარჯვება, ტკივილი თუ მწუხარება, აუცილებლად უნდა იყოს ისეთი მოწესრიგებული და თანამედროვე, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სიამაყის განცდა.- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მთავარი გამზირი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთულია, სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ სივრცედ გარდაიქმნება.
სამუშაოები 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება, რა დროიდანაც რუსთაველის გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ ორ კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების სრული რეაბილიტაცია - შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთანავე, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს - განახლდება არსებული მწვანე სივრცეები და დაირგვება ხე-მცენარეები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მიმზიდველ და ეკოლოგიურად გაუმჯობესებულ გარემოდ აქცევს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის სრული ღირებულება 50 მილიონამდე ლარია. - განაცხადა კახა კალაძემ.











