20 აგვისტოს ლევილში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა.
სტუმრების წინაშე წარდგნენ ფოლკლორული ანსამბლი ,,იალონი" და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი რეჟისორ ივანე ხუციშვილის სპექტაკლით ,,ყველაფერი ნამდვილად იყო".
ფესტივალი სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“, კონცერტით დაიხურა, მანამდე კი ,,ერისიონის" მომღერლებმა საგალობლები და რევაზ ლაღიძის ,,ჩემო კარგო ქვეყანავ" შეასრულეს ლევილის ქართულ სასაფლაოზე, სადაც დაკრძალული არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და ემიგრაციის სხვა წევრები.
ფესტივალის დახურვას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, ქართველი ემიგრანტები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. ლევილის ქართული ფესტივალი წელს პირველად, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ღონისძიებებს ყველა მსურველი უფასოდ ესწრებოდა.
ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამულში გაიმართა, თუმცა 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო ფესტივალის პროგრამა შეიცვალა და 5-6 და 12-13 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა.საფესტივალო პროგრამაში ჯამში 300-მდე ხელოვანი მონაწილეობდა. კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც მუნიციპალური, ისე სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მათ შორის: საქართველოს კამერული გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი („იავნანამ რა ჰქმნა?!“ და „საქართველო“, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), ფოლკლორული ანსამბლი „მარგალიტი“, საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი, ანსამბლი „ბასიანი“, ქუთაისის კამერული გუნდი, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრი („ხალდე“ და „ჩემო კალამო“, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე), ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („მატარებელი“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე), ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („ფიროსმანი“, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).საგულისხმოა, რომ ღონისძიებები, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის გაიმართა. ქართველი ემიგრანტებისა და უცხოელების მზარდი ინტერესი და საფესტივალო ღონისძიებებზე სტუმრების რაოდენობა მოწმობს, რომ ფესტივალმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ფესტივალი ნათელი მაგალითია იმისა, რომ კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს გეგმას, რომლის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას ლევილის სახით ევროპაში ექნება მრავალპროფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და გაგრძელდება ტრადიცია, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა ჩაუყარეს საფუძველი.ინფორმაციისთვის: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის, ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა. 2021 წლის ზაფხულში პროექტი, სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“, გადაეცა ახალშექმნილ უწყებას - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. დღემდე აქტიურად გრძელდება ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეტაპობრივად ახლდება მამულის სხვადასხვა ნაწილი.მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა და ქართული კუთხე (ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები).