ციხის ის კონკრეტული კადრებიც დადგმული იყო 2012 წელს, მაგრამ უმრავლესობამ დაიჯერა (!), რადგან ციხეში არაადამიანურად ექცეოდნენ ადამიანებს - ამის შესახებ მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს.
„როცა სიძულვილით ხარ მოცული, საკუთარ სიძულვილს აქცევ აღქმის ობიექტად და არა სინამდვილეს, ამიტომ წინასწარი განწყობის მქონე აფთრებზე მსჯელობა არც ღირს, მოურიდებლად რომ იწრმუნებიან, ქალაქის მერმა იცოდა, რაც მოხდებოდა და შვილები დროულად გაარიდა სტიქიის ადგილსო, - ეს ბრალდებები თვითდეჰუმანიზაციის აქტია და ყველანაირ მორალს სცდება...
მაგრამ უთუოდ გამოხატავს ნდობის კატასტროფულ კრიზისს "ქართული ოცნების" ხელისუფლების და მათი ბობოლების მიმართ!
ნდობის ტოტალური კრიზისია და ეჭვებიც აქედან ჩნდება ყველაფერზე, რაკი "ქართული ოცნების" ქცევის მოდელი - ტყუილი და თავის დაძვრენის ოსტატური პოზებია... რამდენი რამ მოუტყუებიათ და პროპაგანდით თუ მანიპულაციებით აუბნევიათ ხალხისთვის თავ-გზა და აი, ასეთი კოშმარიც კი შესაძლოა დამაჯერებელი გახდეს ადამიანებისთვის: რომ პრივილეგირებულმა ჩინოვნიკმა თავი გადაირჩინა და სხვები კი უბედურებას შეატოვა...
სწორედ ამ დაუჯერებლობის დამაჯერებლობაა პოლიტიკური პრობლემა, უნდობლობა და რწმენა, რომ "ესენი მართლა ყველაფერს იკადრებენ".
რა, არ დაუმალავთ?! არ მოვუტყუებივართ? განა ივანიშვილმა - ლენინივით - რაიმე სხვა ასწავლა თავის მოწაფეებს სიცრუის გავრცელების და ეგოცენტრიზმის თუ თვითგადარჩენის გარდა?!
სიშლეგეს მაშინ იჯერებ, როცა გაჩვევენ სიშლეგეს.
ციხის ის კონკრეტული კადრებიც დადგმული იყო 2012 წელს, მაგრამ უმრავლესობამ დაიჯერა (!), რადგან ციხეში არაადამიანურად ექცეოდნენ ადამიანებს... რაკი ზოგადად პრაქტიკად იყო ქცეული ჩაგვრა-წამება, ეფესბეს აგენტურის მიერ კონსტრუირებული "ცოცხიც" დამაჯერებელი გახდა...
რაკი პრაქტიკად არის ქცეული "ოცნების" დანაშაულებრივი სიყალბე, ხალხის პრობლემების პროპაგანდის ლექის ქვეშ ჩამარხვა, კორუფცია და ამორალური შუბლგაწყვეტილობა, ამიტომაც იჯერებს ვიღაც, რომ გადარჩენა მხოლოდ "რჩეულთა ხვედრია", რაც, ვიმეორებ, ამ შემთხვევაშიც აბსურდია და იგივეა, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალა იმ უპასუხისმგებლო არსებამ 11 წლის წინ, არჩევნების ღამეს - ბავშვი ქვევრში ჩააგდესო...
სიგიჟის დამაჯერებლობას თავად ურეპუტაციო ხელისუფლება უწყობს ხელს თავისი ქცევით. ეჭვები უნდობლობის ინდიკატორია“,- წერს ბუღაძე.
შეგახსენებთ, რომ „ქრონიკამ" კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ Sunset Shovi - ს ტერიტორიის დატოვების ვიდეომასალა გაავრცელა