დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია "იმედმა" მიმართა თხოვნით, გამოეთხოვათ რაჭაში მდებარე სასტუმროდან ვიდეო ჩანაწერი, თუ როგორ ტოვებენ კალაძის ოჯახის წევრები "სანსეტ შოვის".
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ოფიციალურად გამოითხოვეს ჩანაწერი.
საუბარია სასტუმრო „სანსეტ შოვის“ კამერების ჩანაწერებზე. მასალა ასახავს კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ სასტუმროს დატოვების პერიოდს. ეს არის 3 აგვისტო, 14:08 საათი. კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ კალაძის ოჯახის წევრები კურორტს საკუთარი ავტომობილებით ტოვებენ. - აცხადებს "ქრონიკა".
„მინდა, შევეხო ერთ ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებაში იქნა გავრცელებული მიზანმიმართულად, თითქოს, მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი ჩემი შვილების სტიქიის ზონიდან გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განმარტებები, საზოგადოებას ვუთხარი სიმართლე. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა და ამ ნაბიჯებს გადადგამდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და გაქვთ მცდელობა, „გამაშავოთ“ პირადად მე, აგრესიულად განაწყოთ ადამიანი ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ძალიან დიდი ბოროტება, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციებს მიზანმიმართულად, გადამოწმების გარეშე ავრცელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, მას მიმართა ტელეკომპანია „იმედმა“, მიეცა უფლება, მოეპოვებინათ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც სასტუმრო „შოვიდან“ მისი მცირეწლოვანი შვილების გამოსვლას ასახავს, რაზეც თანხმობა განაცხადა.
ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ცილისწამება დაგმო.
„საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური აქტივისტი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც აღნიშნული ბოროტება დაგმო. იყო უამრავი ჟურნალისტი, რომელიც ოპოზიციურ ტელეარხებში მუშაობს და არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე. მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. ასევე, იყო ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, მათაც დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები, თუ რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის და ჭორის გავრცელება მიზანმიმართულად. მათაც მინდა მადლობა გადავუხადო ამ პოზიციის დაფიქსირებისთვის, რადგან ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ან რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ასეთი ბოროტება მთლიანად ანგრევს და აზიანებს საზოგადოებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენეთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, სტიქიამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე კალაძემ თავისი ოჯახის წევრები სამთავრო ვერტმფრენით გაიყვანა შოვიდან, რადგან თითქოსდა მისთვის ცნობილი იყო, რომ სტიქიური უბედურება მოხდებოდა.