საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ა)იპ „სამეფო ნაციონალურ ბალეტს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ანსამბლს გადაეცა 20 „ხევსურულის“ კომპლექტი ვაჟებისთვის (ჩოხა, გულისპირი, ქუდი, პაჭიჭი) და 10 „ხევსურულის“ კომპლექტი ქალებისთვის (კაბა, მოსასხამი, ქუდი). ანსამბლისთვის სასცენო სამოსი ტენდერის შედეგად შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“ შეკერა.
ფოცხიშვილების ქორეოგრაფიული დინასტიის ფუძემდებელი გელოდი ფოცხიშვილი იყო. 1963 წლიდან მოყოლებული, მისი ხელმძღვანელობის პერიოდშიც და დღესაც, ანსამბლი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე მართავს კონცერტებს, ავითარებს ქართულ ქორეოგრაფიას და ემსახურება ქართული კულტურის განვითარებას. ქორეოგრაფიასთან ფოცხიშვილების მჭიდრო კავშირი 1955 წლიდან იწყება, პროფესიონალურ სცენაზე მოღვაწეობა კი - 1963 წლიდან, რაც უკავშირდება ცეკვის თეატრ „მეტეხის“ დაფუძნებას, დღეს კი უკვე - „სამეფო ნაციონალურ ბალეტს“. ანსამბლი რამდენიმე ათეული წელია გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. ფოცხიშვილების ქორეოგრაფიული დინასტია აერთიანებს სასწავლებლებს - „ფოცხიშვილების ცეკვის აკადემიას“ და ცეკვის სტუდია „პატარა ვარსკვლავებს“, რომლებიც ასევე დიდი წარმატებით საქმიანობს და სადაც მომავალ თაობას ცეკვის ხელოვნებას ასწავლიან.
2008 წელს გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის იდეით ჩამოყალიბდა „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი", რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი პროდიუსერია გელა ფოცხიშვილი. ანსამბლის მთავარი ბალეტმეისტერია მაია კიკნაძე.
მნიშვნელოვანია, რომ „სამეფო ნაციონალური ბალეტი“ კვლავ მონაწილეობს 2024 წლის ლევილის ქართულ ფესტივალში, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მეორედ იმართება.ინფორმაციისთვის: შესაფერისი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არსებული ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.
დაახლოებით 15 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია, სწორედ ამიტომ კულტურის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოაცხადა პირველი ტენდერი.შედეგად 2022 წლის პირველ ნახევარში სასცენო სამოსი (70 კაბა და 277 ჩოხის კომპლექტი) შეიკერა 12 ანსამბლისა და ორი სოლისტისთვის, კერძოდ, ანსამბლების: „ბერმუხას“, „ბასიანის“, „დიდგორის“, „სახიობის“, „ძირიანის“, „შილდის“, „ჩვენებურების“, „რიჰოს“, „ერისიონის“, „რუსთავის“, „სუხიშვილების“, მესტიის სალოტბარო სკოლისა და სოლისტების - ტრისტან სიხარულიძისა და ლელა თათარაიძისთვის.იმავე წელს სამინისტრომ გამოყო 133 360 ლარი და მომდევნო წელს დამზადდა სასცენო სამოსი კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლის: „შავნაბადას“, „ადილეის“, „იალონის“, „მარგალიტის“, „გურჯაანის“, „მთიების“, „სათანაოსა“ და ქ. ინეგოლის (თურქეთის რესპუბლიკა) ანსამბლისთვის.2023 წელს სასცენო სამოსი დამზადდა (117 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, ექვსი ხევსურული ჯუბა და 52 კაბის კომპლექტი) კიდევ ათი ანსამბლისთვის.2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება სამინისტრომ 2024 წლიდან დაიწყო.მიმდინარე წელს სასცენო სამოსი უკვე გადაეცა: სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასს, კვინტეტ „ურმულს“ (ფიზიკური პირი ნუგზარ ქავთარაძე), სსიპ საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“, სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“, ა(ა)იპ „თუთარჩელა 2004“-ს, ა(ა)იპ-ს, ანსამბლს - „მე, რუსთველი“, ა(ა)იპ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ნართებს“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და ა(ა)იპ ქ. ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს.
ეს ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია